საგარეო საქმეთა სამინისტრო კანადაში მყოფ ირაკლი ლომაიას სიცრუეში ამხელს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კანადაში საქართველოს საკონსულო, კატეგორიულად უარყოფს ქართველი ექიმის ირაკლი ლომაიას მიერ, 27 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველი ემიგრანტი – 24 წლის ვალერი ჟორჟაძე (შესაძლებელია ჯორჯაძე) ვანკუვერის გენერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა და მას მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნდა.
საქართველოში ექსტრასენსად ცნობილმა ირაკლი ლომაიამ აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა. როგორც ლომაია წერდა, პაციენტს სამსაათიანი ოპერაცია თავად ჩაუტარა.
„მეობრბეო გთხოვთ სასწრაფოდ გაავრცელოთ. დღეს ჩემს ჰოსპიტალში შემოიყვანეს ქართველი, 24 წლის ახალგაზრდა ბიჭი ვინმე ვალერი ჟორჟაძე, რომელსაც ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია მუცლის ღრუს განხრით, მისი მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა… მას არ ჰყავს ვანკუვერში არავინ, იგი გახლავთ არალეგალი, შესაბამისად, მის სამკურნალო თანხებს არ დაფარავს კანადის ემიგრაცია… პაციენტს სამსაათიანი მძიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეთ, პირადად ვოპერირებდი ოპერაციას… ამჟამად პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და გვყავს ხელოვნურ სუნთქვაზე. სამწუხაროდ, ამჟამად არ გაგვაჩნია არანაირი მონაცემები მისი მეგობრების ან ოჯახის შესახებ.
უმორჩილესად გთხოვთ, ვიწვები ამ ახალგაზრდას ცოდვით. მე რაც შემიძია გვერდიდან არ ვცილდები, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემი თანადგომა მას ახლა აქ არ უშველის. თუ მაქსიმუმ 4 დღეში არ იქნება ჰოსპიტალის ხარჯები ანაზღაურებული ვანკუვერის ჰოსპიტალი იძულებული იქნება გათიშოს პაციენტი აპარატიდან და შეწყვიტოს მკურნალობა. ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს პოსტი მასქიმალურად სწრაფად და ოპერატიულად, იქნებ მისი ოჯახი ეძებს ამ ახალგაზდას, სასწრაფოდ დამიკავშირდეს ოჯახი… სიტუაცია ძალიან მძიმეა, მას ახლა სასწრაფოდ სჭირდება დახმარება… მე კბილებით დავიცავ, თავს მოვიკლავ და მას არ გავათიშინებ აპარატიდან, მაგრამ ამას როდემდე შევძლებ ეს უკევ არ ვიცი… გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მომაძებინინეთ მისი ოჯახი და გადავარჩინოთ ეს ახალგაზრდა ბიჭი…
თუ ვინმეს გეცნობათ ეს სახელი და გვარი ვალერი ჟორჟაძე 24 წლის, გთხოვთ სასწრაფოდ დამიკავშირდით! +1613 7000707 – ირაკლი ლომაია.
P.S. – არ მაქვს უფლება მისი პასპორტის ასლი დავდო (არც მაქვს მისი ასლი მხოლოდ შემოყვანის დროს ვნახე მას გააჩნია ბერძნული საბუთის გაცრეცილი ასლი) ამის საშუალებას ჰოსპიტალის ადმინისტრაციული კანონები არ მაძლევს.. მხოლოდ ის ვიცი, რომ არის 24 წლის და ჰქვია ვალერი ჟორჟაძე.. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ მისი ოჯახი!..“ – წერს ირაკლი ლომაია.
აღსანიშნავია, რომ ლომაიამ სტატუსი რამდენიმე საათში წაშალა, მაგრამ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქართულმა მედიამ – სააგენტოებმა და ტელევიზიამ მალე გააშუქა. სტატუსი იმდენად აქტუალური გახდა სოციალურ ქსელში, რომ მას 2500-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა.
„კვირა“ ამ საკითხის გასარკვევად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და კანადაში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვანკუვერის გენერალურ ჰოსპიტალში ვალერი ჟორჟაძე არ აღმოჩნდა.
„კანადაში საქართველოს კონსულმა წერილით მიმართა ვანკუვერის ჯანდაცვის განყოფილებას, რომელმაც გადაამოწმა ინფორმაცია, როგორც ვანკუვერის გენერალურ ჰოსპიტალში, ასევე მთლიანად ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის საავადმყოფოებში. მიღებული პასუხის თანახმად მოქალაქე Valeri Jhorjhadze ან Valeri Gorgadz პროვინციის არცერთ კლინიკაში არაა მოთავსებული“, – განუცხადეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გარდა ამისა, „კვირა“ კანადაში მყოფ ირაკლი ლომაიას იმ ნომერზე დაუკავშირდა, რომელიც თავად სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა მან ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.
საშა გაგნიძე