IRI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსეთის აგრესია გრძელდება
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია გრძელდება.
კითხვაზე, “რუსეთის აგრესია საქართველოში დასრულდა თუ კვლავ გრძელდება”, გამოკითხულთა 71%-მა უპასუხა, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება. წინა კვლევის თანახმად, აღნიშნულ კითხვას ანალოგიური პასუხი რესპონდენტთა 49%-მა გასცა.
გამოკითხულთა 16%-ის აზრით, აგრესია დასრულდა, მაგრამ შესაძლოა განახლდეს, 7% ფიქრობს, რომ დასრულდა და აღარ განახლდება. რესპონდენტთა 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.