ტუვალუმ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება უკან წაიღო

 საქართველომ და ტუვალუმ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარეს. ტუვალუს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ტუვალუს გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ, ხოლო საქართველოს მხრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

ოქმის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.

ოქმში ხაზგასმულია, რომ “ტუვალუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი რეგიონების – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩათვლით”. აღნიშნული ფაქტით ტუვალუმ უარყო 2011 წლის უკანონო გადაწყვეტილება და ცალსახად დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა.

საქართველო მიესალმება ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და გამოთქვამს იმედს, რომ ტუვალუს ამგვარი გადაწყვეტილება მაგალითი გახდება იმ რამდენიმე სახელმწიფოსთვის, რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გზით აღიარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები