ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, არნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად 40 მგ/სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.
საწარმოს ინვესტორია შპს “ფაზის ოილი”. იგი წარმოადგენს შპს „Socar Georgia Investments“-ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 790) გათვალისწინებულია ინვესტორის მთელი რიგი ვალდებულებები – მან გადაცემულ ქონებაზე უნდა განახორციელოს 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. ასევე 2019 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ექნება წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ევრო 5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური სტანდარტების საწვავის წარმოების შესაძლებლობა. ამასთან, წარმოების დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% იქნება საქართველოს მოქალაქე.
უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება რეგიონში მრეწველობის განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე.