რა პროექტებს განახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო – ექსკლუზიური ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან

აღმოსავლეთ-დასავლეთის  ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, „საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ და კანონით გათვალისწინებული შეღავათები, თბილისში 23- მეტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი, – ამ და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ უკვე  განხორციელებულ  და დაგეგმილ პროექტებზე „კვირას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის  პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი ესაუბრა.

 – ბატონო ილია,  პრიორიტეტულ  ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე რომ ვისაუბროთ,  სამინისტროს მთავარ გამოწვევად რა მიმართულებებს დაასახელებდით?  13233455_474355299437325_803131472_n

 –  ჩვენი მთავარი საზრუნავია, რომ წლიდან წლამდე  დარჩეს სულ უფრო ნაკლები დასახლებული პუნქტი, სადაც არსებობს წყლისა და გზის პრობლება, ჩვენი უწყება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ თვითმმართველობებთან. მათ,  რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთ იციან, რა  არის პრიორიტეტული ადგილობრივი მოსახლეობისთვის.  ძალიან დიდი  შრომაა ჩადებული ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებასა და ხელშეწყობაზე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ფაზაშია გადასული და ჩვენი სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს თვითმმართველ ქალაქებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს იმ მიმართულებით, რომ გააძლიერონ საკუთარი შესაძლებლობები და  მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი  პროექტები თავად განახორციელონ ლოკალურ დონეზე. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები თავად ადგენენ პრიორიტეტული პროექტების ჩამონათვალს, რომელი გზის მშენებლობაა საჭირო და სად უნდა განხორციელდეს წყლის სისტემების მოწყობა ან რეაბილიტაცია. ჩვენ  ამ სამი წლის განმავლობაში  არაერთი ისეთი  ამორტიზებული გზა გავაკეთეთ, რომელსაც 20-30 წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. მუნიციპალიტეტებს დიდი, კაპიტალური პროექტების ინვესტიციებში ვეხმარებით, ხოლო  შიდამოხმარების გზებზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გამოიყოფა თანხები.

 – რაც შეეხება ტურიზმთან და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებთან დაკავშირებულ  ინფრასტრუქტურულ პროექტებს…
– მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული განვითარების პროგრამების ერთ-ერთი ორიენტირი  სწორედ ტურიზმია, ამ პროგრამების ფარგლებში ძალიან წარმატებით დასრულდა  კახეთის რეგიონის რეაბილიტაცია, პრაქტიკულად დასრულდა იმერეთის პროგრამაც – უმნიშვნელოვანესია წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც  მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა.  შესაბამისი სამუშაოები იგეგმება მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
მინდა გითხართ, რომ  პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 -კილომეტრიან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და  გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ყველამ ვიცით, რომ საფარაში დადის უამრავი  ტურისტი, მომლოცველი, ეს გზა მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი, აუცილებელია, რომ ჩვენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი გზა იყოს  კეთილმოწყობილი, ადგილზე გაკეთდეს მანქანების სადგომი და სხვა ინფრასტრუქტურა. მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა. სახელმწიფო მზად არის, რომ  სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით  არსებულ  მცირე და საშუალო ბიზნესს ხელი შეუწყოს, რათა მათ გამოიჩინონ ინიციატივა საკუთარ ბიზნესში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებისა. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა თავისთავად გულისხმობს მისასვლელი გზის, ინტერნეტის, წყალმომარაგების და ყველა საჭირო კომუნალური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

როგორც ცნობილია, რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დროებით შეჩერებული იყო სამუშაოები დართლოში, ახლა რა ეტაპზეა პროცესი?13187891_474355309437324_2132666584_n

– მოცემული მომენტისთვის აქტიურად მიმდინარეობს დართლოს რეაბილიტაციის პროცესი, სახლების რეაბილიტაციის დაწყებამდე სოფელ დართლოში მსოფლიო ბანკის დაკვეთით კვლევა ჩატარდა, რომლის დასკვნის საფუძველზეც ხორციელდება  რეაბილიტაცია. დართლოსთან მიმართებაში ბევრი შორსმიმავალი გეგმა გვაქვს. ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ოჯახური სასტუმროების რაოდენობა, ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, რომ იქ ზამთარშიც შეძლოს მოსახლეობამ ყოფნა.  სამცხე-ჯავახეთში, კონკრეტულად კი, სოფელ საროში ასევე იგეგმება უძველესი მესხური სახლების რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში ვმუშაობთ კონცეფციაზე, თუ როგორ გავხადოთ  მიმზიდველი ტურისტებისთვის აღნიშნული ტერიტორია, საოცარი ხედები იშლება საროდან, რომ აღარაფერი ვთქვათ უძველეს მესხურ სახლებზე. ვიმედოვნებ, რომ კონცეფცია უმოკლეს დროში გადაიზრდება  სამშენებლო სამუშაოებში.

– ნოდარ ჯავახიშვილმა თანამდებობაზე დანიშვნისას არ უარყო, რომ   მისი  წინამორბედის დროს უწყებაში ტენდერებთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობდა.  რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, რისი გამოსწორება შეძელით ამ დრომდე?

– ამ კუთხით ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც შესაბამისი დონორების სატენდერო პროცედურებით  ტარდება, იყოს გამჭვირვალე და ღია.  მზად ვართ, რომ ყველა დაინტერესებული პირის კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი. ჩვენი სამინისტრო არის   იმის გარანტი, რომ ეს  ტენდერები ჩატარდება გამჭვირვალედ, კონკურენციის პირობებში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ქართულმა თუ უცხოურმა კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა,  კონკურენცია ხელს უწყობს ყველაზე საუკეთესო შემოთავაზების გამარჯვებას.

– მიმდინარე წლის იანვრიდან უკვე ამოქმედდა „მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების ნაწილი, ამ კანონის მთავარი  მიზანი მოსახლეობის მთაში დაბრუნებაა -რამდენად ოპტიმისტურია ამ მიმართულებით  ვითარება?

– „მთის კანონი“, მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებისთვის მთელ რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათს ითვალისწინებს, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოსახლემ იცოდეს იმ პრეფერენციების შესახებ,  რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მათ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „მთის კანონის“ შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. შეხვედრები იგეგმება საქართველოს ყველა რეგიონში. მიგვაჩნია, რომ მოსახლეობამ სასარგებლო  ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებისგან პირადად უნდა მიიღოს და ეს ასეც ხდება. მოსახლეობის მთაში დაბრუნება უმნიშვნელოვანესია.
მოგეხსენებათ, მიმდინარეობს როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. აღნიშნული გზის მშენებლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა და მას საუკუნის პროექტი უწოდა. 50-ზე მეტმა ოჯახმა უკვე გამოთქვა არხოტში დაბრუნების სურვილი და, დარწმუნებულები ვართ, რომ მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.  ყველა მათგანი ისარგებლებს „მთის  კანონით“ გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათებით. გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, არხოტი ნელ-ნელა დაიცალა, ამიტომ ამ გზის განვითარება აუცილებელია. ამასთან, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. მიუხედავად მკაცრი კლიმატური პირობებისა, თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები და 2017 წლიდან პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთს   ახალი გზა დააკავშირებს.

– აღმოსავლეთდასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს რაც შეეხება,  რა ეტაპზეა აგარაზემო ოსიაურის 7კმიანი მონაკვეთის მშენებლობა? 13231036_474355312770657_1153563131_n

– ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა  მალე დასრულდეს, გარკვეული მონაკვეთები უკვე დასრულებულია, ზოგიერთი მშენებლობის ფაზაშია, ზოგი კი დასასრულს უახლოვდება. ფაქტობრივად, დასკვნით ფაზაშია აგარა-ზემო ოსიაურის 7კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, და, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში გაიხსნება აღნიშნული მონაკვეთი, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა,  გაიზრდება  ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა და შემცირდება მგზავრობის დრო. აღნიშნული მაგისტრალის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია სატრანზიტო მიმართულებითაც და უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის. ასევე ვმუშაობთ რაჭის,   სვანეთის მიმართულებებზე, ჩვენი სურვილია სვანეთში კურორტ “თეთნულდამდე” მისასვლელი  დრო შევამციროთ ინფრასტრუქტურის შესაბამისად მოწყობის ხარჯზე. ასევე ლარსის მიმართულებაზეც აქტიურად ვფიქრობთ.  ესეც პრიორიტეტული საკითხია – პრაქტიკულად დასრულებულია მოლაპარაკებები დონორებთან და უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ განცხადებას, როდის იქნება მშენებლობის დაწყება შესაძლებელი.

– მუნიციპალური განვითარების ფონდი    თბილისის  23-ე  მეტროსადგურს, მეტრო   უნივერსიტეტს აშენებს, როდის  შევა ექსპლუატაციაში ახალი მეტროსადგური?

– ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტი – ვაშენებთ თანამედროვე ტიპის მეტროსადგურს, პროექტის დასრულების შემდეგ, დელისიდან მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას მიმართულებით, ორივე გვირაბი ამუშავდება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. როგორც იცით, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური  ხელს შეუწყობს დედაქალაქში საავტომობილო გადაადგილების განტვირთვას. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია  სამომავლოდ სხვა ახალი მეტროსადგურების მშენებლობაზეც ვიფიქროთ.

 – ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“  2014 წლის აგვისტოში  რუხში  საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაიწყო, როდისთვის დასრულდება  მშენებლობა? როგორც ცნობილია, კლინიკით  სარგებლობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებსაც შეეძლებათ.13219641_474355329437322_237702261_n

– მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მასშტაბით ათეულობით ამბულატორია ააშენა… ჯანდაცვის კუთხით გაცილებით მსხვილი პროექტებია რუხისა და დედოფლისწყაროს მრავალპროფილური  საავადმყოფოები, დედოფლისწყაროს მიმართულება უკვე დასრულებულია. რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს,  მისი მშენებლობა 2016 წლის ბოლომდე დასრულდება და მოსახლეობას ექნება საშუალება,  ისარგებლოს  მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები