ვინ არის გოგონა, რომელიც შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ მტკვარში გადახტა – „მიშას გამო ვენებიც გადაიჭრა“
„ერთი ადამიანის გამგზავრებით, ხანდახან მთელი ქალაქი ცარიელდება” – ეს სტატუსი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ, 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან სოციალურ ქსელში 3 მაისს გამოაქვეყნა. ოთხი დღის შემდეგ, 7 მაისს, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას სახლში 6 წლის შვილი და დედა ელოდებოდნენ.
უკვე მეხუთე დღეა მაშველები მდინარე მტკვარში 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ახალგაზრდა გოგონას ცხედარს მაშველები მდინარე მტკვარში თბილისსა და ქვემო ქართლში ეძებენ.
როგორც „კვირას“ რუსუდან ახალბედაშვილის დედამ ლალი კანიაშვილმა განუცხადა, მისი ერთადერთი შვილი სახლიდან 7 მაისს გავიდა და შეყვარებულს შეხვდა. დედა შვილს, უკანასკნელად ტელეფონით, იმავე დღეს 20:10 -ზე ესაუბრა.
„ჩემი შვილი შეყვარებულს მიშა ხიჩიკაშვილს უნდა შეხვედროდა. მიშა მეორე დღეს, 8 მაისს ამერიკაში უნდა წასულიყო. იგი 8 მაისს, თვითმფრინავის ღამის რეისით ნიუ-იორკში უნდა გაფრენილიყო, იქ მას დედა ელოდა. რუსკას უკანასკნელად 7 მაისს, 20:10 -ზე ვესაუბრე. ის მიშასთან ერთად თემქაზე იყო. შვილთან ერთად მიშასაც ვესაუბრე. მშვიდობიანი გზა ვუსურვე და შევთანხმდით, რომ ჩემს შვილს მეგობრებთან ერთად მეც უნდა გავყოლოდი აეროპორტში. დავმშვიდდი, რადგან მიშასთან იყო. მიშას და რუსკას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. მიშას ჩემი ოჯახის წევრებიც იცნობდნენ.
მეორე დღეს, უკვე 8 მაისს, კვირაცხოვლობის დღესასწაულის დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე რუსკას ყოფილმა მეუღლემ დამირეკა და ჩემი შვილი მოიკითხა. თუმცა, არ ვიცოდი იმ დროისათვის სად იყო რუსკა. მიშას დავურეკე და რუსკა მოვიკითხე. მითხრა – დავლიეთ, ტაქსში ვიჩხუბეთ და მანქანიდან გადავიდა, ხომ არ გამოვეკიდებოდიო, მე ჩემი გზით წავედი, რა ვიცი, სად არისო“. ჩემი შვილის ხასიათი ვიცოდი, მას ისე უყვარდა მიშა, რომ გაბრაზებული რას მოიმოქმედებდა, შემეშინდა. დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩემმა შვილმა მიშას გამო, ვენები გადაიჭრა და მაშინ გადავარჩინეთ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ლალი კანიაშვილმა.
მისი თქმით, იგი სამართალდამცავებმა წერეთელზე, პოლიციის შენობაში დაიბარეს. დედამ მისი შვილის პირადი ნივთები – მობილური ტელეფონი, ხელჩანთა, პარფიუმერიის პატარა ჩანთა, სოლარიუმის სავიზიტო ბარათი და შავი ფეხსაცმელი ამოიცნო.
ამასთანავე, ლალი კანიაშვილმა სამართალდამცავებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ დაახლოებით 34 წლის მიშა ხიჩიკაშვილი ამერიკაში წასვლას აპირებდა.
როგორც კანიაშვილი „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, 8 მაისს, სამართალდამცავებმა მიშა ხიჩიკაშვილის ამერიკაში გამგზავრება შეაჩერეს. მისივე თქმით, გამოძიებამ ახალგაზრდა მამაკაცი დაჰკითხა. თუმცა, ლალი კანიაშვილი და მისი ახლო ნათესავები, რუსკა ახალბედაშვილის შეყვარებულს უკვე ორი დღეა ეძებენ, მაგრამ თბილისში მის კვალს ვერ მიაგნეს. მიშა ხიჩიკაშვილის მობილური ტელეფონიც უკვე რამდენიმე დღეა გამორთულია.
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, გამოძიებამ იმ ტაქსის მძღოლიც დაჰკითხა, რომლითაც რუსკა გადაადგილდებოდა. ის მანქანიდან სამტრედიის ქუჩაზე გადმოვიდა. მისივე თქმით, მისი შვილის გარდა, ავტომობილში მიშა და, სავარაუდოდ, კიდევ 2 პირი იჯდა. ლალი კანიაშვილის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერამ რუსკა ახალბედაშვილი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სამტრედიის ქუჩის ასახვევთან დააფიქსირა.
„ვიდეოფირიდან ვნახე, როგორ ადის ჩემი შვილი ჯებირზე და მტკვარში ხტება. ამ დროს ჯებირზე, ხელჩანთის გვერდით მობილური ტელეფონი ნათდება, მაგრამ არ უპასუხა. მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი კი ჯებირთან ქვევით ეყარა“, – ამბობს ლალი კანიაშვილი.
მისი თქმით, მისი შვილის საქმეზე თავდაპირველი გამომძიებელი შეიცვალა და საქმე სხვა გამომძიებელს გადაეცა. „ახალმა გამომძიებელმა ჩემი შვილის ნივთები არ მაჩვენა. მითხრა, ნივთმტკიცებები დალუქულიაო“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას რუსკა ახალბედაშვილის დედა.
ლალი კანიაშვილი ეჭვობს, რომ საქმის თავდაპირველი მტკიცებულებები შესაძლოა, აღარ არსებობს. გარდაცვლილის დედას პრეტენზია აქვს, მაშველებთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ გარდაცვლილის ცხედარს სათანადოდ არ ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ახალგაზრდა გოგონას 24 საათის რეჟიმში ეძებენ, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს.
რაც შეეხება, რუსკა ახალბედაშვილის შეყვარებულს, 34 წლის მიხეილ ხიჩიკაშვილს, „კვირას“ ინფორმაციით, მან საქართველო უკვე დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. ამასთან, როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მიშა ხიჩიკაშვილი და მამამისი ქირით ცხოვრობდნენ, დაცლილია და იქ აღარავინ იმყოფება. 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს 6 წლის შვილი დარჩა. ახალგაზრდა გოგოს გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„კვირას“ ინფორმაციით, გამოძიებამ ამ ეტაპზე დაჰკითხა ყველა ის პირი, რომლებიც 7-8 მაისს, 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.
იზა შაქარაშვილი