საქართველოს რამდენი მოქალაქე იხდის სასჯელს საბერძნეთის ციხეებში – ექსკლუზიური ინტერვიუ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
როდის ამოქმედდება საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა, რამდენი ქართველი იხდის სასჯელს საბერძნეთის საპატიმროებში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „კვირა“ ექსკლუზიურად გთავაზობთ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის ინტერვიუს.
– ცნობილია, რომ საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ მიიღო, ცნობილია უკვე, რომელ საჯარო სკოლაში უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა?
– დიახ, ეს სიმართლეა. გადაწყვეტილება მრავალთვიანი კონსულტაციების შემდეგ, 2016 წლის 14 აპრილს იქნა მიღებული. საელჩოს მისია იყო, რომ საბერძნეთის მთავრობისაგან, ასევ ვთქვათ, პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილება მიგვეღო. ახლა, საქართველოს საექსპერტო ჯგუფმა საბერძნეთის მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან – განათლების სამინისტროსთან, ათენის მერიასთან და მუნიციპალიტეტთან უნდა შეათანხმოს ამ პროექტის კონკრეტული მოდალობები.
– ამ ეტაპზე ჯერ ცნობილი არ არის, რომელ სკოლებში განხორციელდება ეს პროექტი ?
– ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი იქნება ათენის ერთ-ერთ სკოლაში, რომელშიც ქართველი ბავშვების მნიშვნელოვანი კონცეტრაციაა, ქართული ენის სასწავლო პროგრამის დაწყება. ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ანალოგიური სასწავლო კურსის საბერძნეთის სხვა საჯარო სკოლებშიც ინიცირება. არ გამოვრიცხავ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხსენებული პროგრამა საბერძნეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში ერთდროულად ამოქმედდეს.
– არის თუ არა გათვალისწინებული პროექტში იმ ქართველი პედაგოგების დასაქმება, რომლებიც ამჟამად საბერძნეთში ემიგრანტები არიან და სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ?
– საკითხი ორი ასპექტისაგან შედგება, ეს არის პროგრამული ნაწილი, რომელზეც, სავარაუდოდ, განათლების სამინისტრო იზრუნებს, და მეორე, ლოჯისტიკური და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, რომელსაც, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დიასპორის სამინისტრო მოაგვარებს. დიასპორის სამინისტრო გეგმავს, ადგილობრივი, საბერძნეთში არსებული კადრები მოსინჯოს, რადგან ათენში ბევრი ქართველი პედაგოგია წამოსული.
– საქართველო ვიზალიბერალიზაციის მიღებას ელოდება. რა ბედი ელით იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ცხოვრობენ.
– საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დაწესება და საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის სტატუსის პრობლემა ორი განცალკევებული საკითხია. ერთია, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა ტურისტული, საქმიანი, სასწავლო მიზნებით 180 დღის განმავლობაში 90 დღე, მრავალჯერადად, და მეორეა, შენგენის ზონის ქვეყნებში ლეგალურად ყოფნისა და მუშაობის უფლების მიღება.
– რაც შეეხება საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებს, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, საბერძნეთში საქართველოს საელჩო რაიმე სახით დახმარებას ვერ შეძლებს?
– მოგეხსენებათ, საბერძნეთში ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა უსტატუსოდ, არალეგალურად ცხოვრებს. ისინი არალეგალური ფორმით მუშაობენ, არ აქვთ საბანკო ანგარიშები, არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა. ჩვენ ვმუშაობთ ბერძნულ მხარესთან, რომ ის ხალხი, ვისაც უკან დაბრუნდების სურვილი აქვს, გარკვეული ფულადი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში არ მოხვდნენ „შავ სიაში“ და არ ეთქვათ უარი საბერძნეთში ხელახალ შემოსვლაზე. ამ საკითხს გარკვეული სიფრთხილით უკვე ვაყენებთ სხვადასხვა დონეზე. თუმცა, ცხადია ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ უვიზო რეჟიმით საბერძნეთში დაბრუნება ამ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას არ იძლევა.
– ამჟამად, საბერძნეთის ციხეებში სასჯელს იხდიან საქართველოს მოქალაქეები. ისინი სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულისათვის თუ არალეგალურობის გამო არიან დაკავებულები?
– ამჟამად, საბერძნეთის ციხეში სასჯელს იხდის 300-მდე ქართველი. წინასწარი დაკავების იზოლატორში 35 პირია, აქედან 24 კაცი და 11 ქალია. სამწუხაროდ, არის ასეთი დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც პირი საბერძნეთში შემოსვლისთანავე ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, იმ მოტივით, რომ, თითქოს, იგი იდევნება საკუთარ ქვეყანაში. სანამ მიმდინარეობს მისი განცხადების განხილვის პროცესი, ხდება ამ პირის მიერ დანაშაულოს ჩადენა.
– თქვენ უშუალოდ შეხვედრილხართ საქართველოს მოქალაქეებს საპატიმროში?
– ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა. ჩვენი ინიციატივით, საბერძნეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და საპატიმროებში განვათავსეთ საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერი, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილდეთ ჩვენთან დაკავშირება. შესაბამისად, ჩვენ სისტემატურად გვიკავშირდებიან და ჩვენს ყველა შესაბამის ღონისძიებას ვახორციელებთ, საპატიმროებში ჩვენი მოქალაქეების მონახულების ჩათვლით.
– რაც შეეხება საავადმყოფოებს, როგორ ხდება იმ ქართველების მკურნალობა, ვისაც დაზღვევა არ აქვს, გაქვთ სტატისტიკა, საქართველოს რამდენი მოქალაქეა ამჟამად საბერძნეთის საავადმყოფოებში ?
– როგორც გითხარით, დაზღვევა ქართველი ემიგრანტების უმეტესობას არ აქვს, მაგრამ საბერძნეთში სასწარაფო მომსახურება ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამჟამად, ათენის საავადმყოფოებში განთავსებულია საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომელიც ამავდროულად ეჭვმიტანილია დანაშაულში და ელოდება სასამართლოს. გვაქვს კავშირი საავადმყოფოების ხელმძღვანელებთან, ასევე მკურნალ ექიმებთან.
– არის თუ არა შემთხვევები, როდესაც ქართველი ემიგრანტი ტუბერკულოზით არის დაავადებული, ამ შემთხვევაში მათი მკურნალობა როგორ ფინანსდება?
– ათენის ერთ-ერთ საპატიმროში გყვავდა საქართველოს მოქალაქე ჯ-ძე, რომელიც თქვენ მიერ ხსენებული დაავადებით მოთავსებული იყო ათენის ციხის საავადმყოფოში. შემდგომ, ოჯახის წევრების მოთხოვნით და საელჩოს რეკომენდაციით, ეს პაციენტი ქალაქის საავადმყოფოში მოთავსდა. შემდგომ მან ისევ მოითხოვა ციხის საავადმყოფოში გადაყვანა და მისი მოთხოვნა კვლავ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის მკურნალობას საბერძნეთის მხარე უფასოდ ახორციელებს.
– როგორ ემზადება საქართველოს საელჩო 20016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?
– ვფიქრობ, რომ 2016 წლის არჩევნები განსაკუთრებული იქნება საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელ წლებში ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, ჩვენს ქვეყანაში ფუნდამეტური თავისუფლებების უზრუნველყოფისა და უპრეცენდენტო საზოგადოებრივი კონტროლის არსებობის თვალსაზრისით. ჩვენი ფუნქცია არის, რომ არჩევნებისთვის შესაბამისი პირობების შევქმნათ ამომრჩევლებისთვის. ჩვენი ამოცანაა, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დროული ინფორმირება იმ წესების შესახებ, რომელიც არჩევნებსა და მასში მონაწილეობას უკავშირდება. ამ მხრივ, ცენტრალური საკითხია არჩევნებში მონაწილეობის მიღების წესი. არჩევნებში მონაწილეობისათვის საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საკონსულოს აღრიცხვაზე და მეორე, უნდა იმყოფებოდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ეს და მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება როგორც საელჩოს ფეისბუქით, ასევე ყველა იმ პირს ურიგდება, ვინც საკონსულოს სხვადასხვა მომსახურების მიღების მიზნით სტუმრობს. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან, საკუთარი არჩევანი მშვიდ გარემოში გააკეთონ.
იზა შაქარაშვილი