იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – შვილი დედის კრემაციას ითხოვს

იტალიის ერთ-ერთ ქალაქ უდინეში საქართველოს მოქალაქე, გარდაიცვალა. 58 წლის ლ. ა-ვას ერთადერთი შვილი გარდაცვლილი დედის კრემაციას ითხოვდა.
„ კვირას“ ინფორმაციით, იტალიაში მყოფი ემიგრანტის, ლ. ა-ვას ერთადერთი შვილი, ზ. ა -ვი გერმანიის ფედრაციულ რესპუბლიკაში ოჯახით ცხოვრობს.
დედა-შვილმა საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვა. ემიგრანტი დედა იტალიაში წლების განმავლობაში მოხუცს უვლიდა. გარდაცვალებამდე 58 წლის ქალბატონი ავადმყოფობდა. მას ღვიძლი აწუხებდა და, სავარაუდოდ, ციროზით გარდაიცვალა.
შვილს გარდაცვლილი დედის ცხედრის გერმანიაში გადასვენების ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამიტომ კრემაცია მოითხოვა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით კრემაცია დაუშვებელია.
როგორც „კვირას“ იტალიაში საქართველოს ვიცე-კონსულმა სოფიკო ქოჩქიანმა განუცხადა, გარდაცვლილის შვილმა დედის კრემაცია მოითხოვა, ეს იყო მისი ნება და საკონსულომ შესაბამისი დახმარება გაუწია.
მისივე თქმით, გარდაცვლილის შვილის ნების გათვალისწინებით ცხედრის კრემაცია იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა.
„საქართველოს მოქალაქემ განცხადებით მოგვმართა. იგი ითხოვდა გარდაცვლილი დედის კრემაციას. მისი ნების თანახმად, საკონსულომ დახმარება გაუწია და კრემაცია იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა. დანარჩენი კითხვებისთვის მიმართეთ გარდაცვლილის შვილს“, – განუცხადა „კვირას“ სოფიკო ქოჩქიანმა.
რაც შეეხება „კვირას“ დამატებით შეკითხვებს, სოფიკო ქოჩქიანმა პასუხი არ გაგვცა, ხოლო იტალიაში საქართველოს კონსულმა ვახტანგ ანდღულაძემ მოუცლელობა მოიმიზეზა და „კვირასთან“ სატელეფონო საუბარი არ ისურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები