რატომ დაუპირისპირდნენ აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელს სკოლაში – მათ ჰგონიათ, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი არ არის

თბილისის 41-ე საჯარო სკოლის მშობლები აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელს დაუპირისპირდნენ.
როგორც „კვირას“ 41-ე სკოლის აუტიზმის მქონე ბავშვი ბავშვის მშობელმა მარი კორკოტაძემ განუცხადა, ერთ-ერთი მშობელი დღეს ფიზიკურადაც გაუსწორდა. კორკოტაძის თქმით, მშობლები ითხოვდნენ, რომ მისი შვილი მათი ბავშვების უფლებებს არღვევს და სკოლაში არ უნდა სწავლობდეს.
„მათ ჰგონიათ, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი არ არის და სკოლაში არ უნდა სწავლობდეს. დღევანდელი დაპირისპირება ჩემს პროტესტს მოჰყვა, როდესაც გავასაჩივრე სკოლის დირექტორის მხრიდან ჩემი შვილის მისამართით უფლებების შეზღუდვის ფაქტი. ჩემი შვილი აუტიზმის მქონე ბავშვია და პირველ გაკვეთილზე ხშირად ვაგვიანებთ ხოლმე. მას განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება, რადგან დილით შესაძლოა, გაღიზიანებული იყოს ან გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდეს, ამისთვის დროა საჭირო.
დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ კიდევ ერთი დაგვიანების შემთხვევაში ბავშვს სკოლაში აღარ შეუშვებდა. ვთხოვე, რომ მე-3 ან მე-4 გაკვეთილზე მივიყვანდი, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა. ამაზე მქონდა რეაქცია, რა თქმა უნდა, და ეს ფაქტები გავასაჯაროვე. სწორედ ამის ფონზე მოხდა ყველაფერი, რაც დღეს მოხდა. მე აღარ მინდა, რომ ასეთ სტრესულ გარემოში ვატარო ბავშვი, ამიტომ ალბათ შეთანხმებას მივაღწევთ.
დირექტორმა პირობა დადო, რომ მსგავს შემთხვევას არც სკოლის ადმინისტრაციის და არც მშობლების მხრიდან ადგილი აღარ ექნება. დირექტორი კი მიიღებს ინფორმაციას, თუ რა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და როგორი სახის დახმარება სჭირდებათ ამ ადამიანებს. მე არ მინდა, რომ ჩემი შვილის უფლება კვლავ დაირღვეს“,-განაცხადა მშობელმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ სკოლაში დირექტორის მხრიდან აუტიზმის მქონე ბავშვის მისამართით გამოხატული უხეშობა პირველი შემთხვევა არ არის.
მისი ინფორმაციით, 41-საჯარო სკოლაში 14 აუტიზმის მქონე ბავშვი სწავლობს და ერთ-ერთი ბავშვის მშობელმაც გაასაჩივრა მისი შვილის მიმართ უფლებების შეზღუდვის ფაქტი დირექტორის მხრიდან.
„კვირასთან“ საუბრისას, მშობელი ამბობს, რომ იგი სკოლიდან ბავშვის გადაყვანას არ აპირებს, რადგან ცენტრი, სადაც მისი აუტიზმის მქონე ვაჟი რეაბილიტაციას გადის, აღნიშნული სკოლის გვერდითაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
პირველკლასელი ბავშვის მისამართით უფლებების შეზღუდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილი და ამბობს, რომ სწავლის უფლება სკოლის არცერთ მოსწავლეს არ შეზღუდვია.
მისივე მტკიცებით, სკოლაში მომხდარი დღევანდელი ინციდენტი მშობლებს შორის არასაკმარსმა კომუნიკაციამ გამოიწვია, რომელიც ამ დროისათვის სრულიად აღმოფხვრილია.
„კონფლიქტი ამოწურულია. მიზეზი ნაკლები კომუნიკაცია იყო მშობლებს შორის, ასევე ქალბატონ მშობელსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.
რაც შეეხება უფლებების შეზღუდვას, დადასტურებით, გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია. არცერთ მოსწავლეს სწავლის უფლება არ აქვს შეზღუდული. ამის შესახებ მოკვლევას განათლების სამინისტრო აწარმოებს“,- განუცხადა „კვირას“ რევაზ ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები