ქართველი გოგონას მკვლელობისთვის დუბაიში არაბი მამაკაცი დააკავეს

დუბაიში მოკლული გოგონას საქმესთან დაკავშირებით ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. ეჭვმიტანილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოქალაქეა, – ამის შესახებ „კვირას“ ქუთაისელი გოგონების მეგობარმა ვახტანგ ქოთუაშვილმა განუცხადა.
მას შემდეგ, რაც „კვირამ“ დუბაიში მოკლული გოგონას შესახებ ინფორმაცია მოიპოვა და სტატია, სათაურით” დუბაიში ქართველის მკვლელობის ახალი დეტალები – ვის შეხვდნენ ტრაგედიამდე ქუთაისელი გოგონები“ გამოაქვეყნა, რედაქციაში მუქარის არაერთი ზარი გაისმა.
ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, „კვირა“ ვალდებულია, შემზარავი ტრაგედიის ყველა მხარეს მოუსმინოს და მკითხველს შესაბამისი ინფორმაცია შესთავაზოს. ამჟამად „კვირა“ დუბაიში მომხდარი დანაშაულის შესახებ კიდევ ერთ ინტერვიუს გთავაზობთ.
ვახტანგ ქოთუაშვილი, რომელიც „კვირას“ დუბაიში მომხდარის შესახებ ვრცლად ესაუბრა, ამბობს, რომ მან არაბეთის გაერთიანებული საემიროები ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა და 12 აპრილის ღამის საათებში საქართველოში დაბრუნდა. ტრაგედია კი 12 აპრილს, გამთენიისას, მოხდა.
„ბიჭი დაკავებულია. იგი არაბეთის მოქალაქეა და დაახლოებით 30 წლამდე ასაკისაა. ეს ტრაგედია კამათს მოჰყვა. კამათის მიზეზი არ ვიცი. როგორც ვიცი, ნინიმ და იმ ბიჭმა იკამათეს. იმან ხელი ჰკრა და ნინი ძირს დავარდა. თავი დაუზიანდა. თავი ჰქონდა გატეხილი. სასწრაფო გაჩერებაზე მყოფებმა გამოიძახეს. თუმცა, არ ვიცი, ნინი როდის გარდაიცვალა, შემთხვევის ადგილზე, გზაში თუ საავადმყოფოში. შემთხვევის შემდეგ, ფიქრია, ნასვამი, პოლიციაში წასულა. ამას თავად ფიქრიაც ადასტურებს, რომ იმ დროს ნასვამი იყო. იგი დაკავებული არ არის. ის დუბაის პოლიციის განყოფილების საავადმყოფოშია მოთავსებული და თავს კარგად გრძნობს. გუშინ ფიქრიასთან თარჯიმანი (მეგი) იყო. ფიქრია ამბობს, რომ მათ იკამათეს და ბიჭმა ხელი ჰკრა. ნინი ძირს დავარდა. თავი ჰქონდა გატეხილი. ფიქრიას ხვალ დაჰკითხავენ. ხვალვე ცნობილი გახდება ფიქრიას ალკოჰოლზე ანალიზის პასუხიც, რადგან იმ ღამით ის ნასვამი იყო. ანალიზის შედეგის მიხედვით, ცნობილი გახდება, რა რაოდენობის ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული ფიქრიას, ან რაიმე ზედმეტი ხომ არ ჰქონდა მიღებული. შესაძლებელია, მან პოლიციის შენობა ხვალვე დატოვოს“ ,- ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ქუთაისელი გოგონების მეგობარი ვახტანგ ქოთუაშვილი.
რაც შეეხება „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილ ფაქტებს, რის გამოც ჯერ მუქარა, შემდეგ კი პრეტენზიები გამოითქვა.

ვახტანგ ქოთუაშვილი: „ნინის ამ ბიჭთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ის არ ყოფილა ნინის შეყვარებული ან საქმრო. ჩვენ იქ ძალიან ბევრ არაბს ვიცნობთ. თუმცა, რატომ უნდა ეცემა, არ ვიცი“.

ფიქრიას დეიდაშვილი – (თ): „ფიქრია და ნინო ერთი ბიჭის სანახავად წავიდნენ. ეს ბიჭი არაბია, რომელიც ნინის შეყვარებული იყო. მან ის ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა ნინი დუბაიში პირველად ჩავიდა. თუმცა, დაშორდნენ. არაბი ეჭვიანი იყო“…
ვახტანგ ქოთუაშვილი: „ფიქრია დაპატიმრებული არ არის. ის დუბაის პოლიციის განყოფილების საავადმყოფოშია მოთავსებული. იგი შოკურ მდგომარეობაში იყო. რატომ აქვს ლოყა დალურჯებული, ესეც უცნობია ჩემთვის. ფიქრიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს. მართალია პირადობა დაეკარგა, მაგრამ ჩვენ პოლიციას მივმართეთ და მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ავიღეთ“.
ფიქრიას დეიდაშვილი (თ): „ფიქრია დაკავებული ჰყავთ, მაგრამ „კაპეზეზე“, ან ციხეში არ არის. ის ყოველ საათ-ნახევარში დაკითხვაზე გაჰყავთ. იგი მკვლელობის ერთადერთი მოწმეა. ფიქრიას პირადობის დამასტურებელი მოწმობა დაკარგული აქვს. მის ვიზას ვადა 20 მაისს ეწურება. იგი საქართველოში 20 მაისამდე უნდა დაბრუნებულიყო“.
ვახტანგ ქოთუაშვილი: „ნინი ბარში არ მუშაობდა. ის დუბაიში მოდელი იყო და ფოტომოდელად მუშაობდა“.
ფიქრიას დეიდაშვილი – (თ): „ნინი კლუბში მუშაობდა, ფიქრია კი – რესტორანში. რესტორანი და კლუბი გვერდიგვერდ არის“.

დუბაიში მოკლული ქართველი გოგონას სამშობლოში გადმოსვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 25 წლის ნინი ს.-შვილის ცხედრის გადმოსვენებისთვის საჭირო თანხებს უწყება გაიღებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაის ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. სააგენტო Gulf News-ის ცნობით, დაღუპული 25 წლის საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, დაღუპული სასტიკად არის ნაცემი, შემდეგ ის გააუპატიურეს და მოკლეს.
თავდაპირველი წყარო იხილეთ ლინკზე:
http://gulfnews.com/news/uae/courts/naked-body-of-woman-found-near-dubai-courts-1.1712382

  საშა გაგნიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები