ვინ არის ესპანეთში დაკავებული ქართველი, რომელმაც პოლიციელი დაჭრა

„კვირამ“ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში პოლიციის დაჭრაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია.
ესპანეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველის ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.
როგორც წყარომ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, 33 წლის დავით ბ. ნასამართლევია და ის სასჯელს რუსეთში იხდიდა. მისივე განცხადებით, რუსეთის საპატიმროში მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ და, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება მისი ფსიქიკური პრობლემები.
„კვირამ“ პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქის ფოტოც მოიპოვა. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ მას წარსულში თავის არეში დაზიანება აქვს მიღებული და ნაიარევიც ემჩნევა.
„კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს.
„საკონსულოში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „კვირას“ ბარსელონაში მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს. „საქართველოს კონსული დაუკავშირდა პოლიციის განყოფილებას. სადაც დაადასტურეს მომხდარი ფაქტი. აღნიშნეს, რომ დამნაშავე დაკავებულია. თუმცა, დაკავებულს არ აქვს სურვილი, მისი ვინაობის შესახებ ეცნობოს საკონსულოს ან მის ოჯახს“, – განუცხადეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე დავითი დააკავეს. დაკავების მომენტში, ბრალდებულმა პოლიციელს იარაღი წაართვა და მუცლის არეში ესროლა. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა და მეტროში ჩავიდა, თუმცა მისი დაკავება დროულად მოხერხდა. დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მოათავსა, პოლიციელი ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები