სროლა ბარსელონაში – ესპანეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე დავით დ. დააკავეს. დაკავების მომენტში, ბრალდებულმა პოლიციელს იარაღი წაართვა და მუცლის არეში ესროლა.
შემთხვევა, ადგილობრივი დროით საღამოს 18:45 საათზე, „სანტა კოლომას“ დასახლებაში მოხდა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები პატრულირებდნენ და საეჭვო პირებს ამოწმებდნენ. პოლიციის თანამშრომლები შემოწმების მიზნით მამაკაცთა ჯგუფს მიუახლოვდნენ, რა დროსაც დავით დ.-მ ერთ-ერთ სამართალდამცველს იარაღი წააართვა და მუცლის არეში ესროლა. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა და მეტროში ჩავიდა, თუმცა მისი დაკავება დროულად მოხერხდა.
დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მოათავსა, პოლიციელი ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სროლებს ადგილობრივი მოსახლეობაც შეესწრო და მომხდარი ფაქტი თვითმხილველებმა გადაიღეს.
წინასწარი ინფორმაციით, დავით დ. რომელიც ამ დასახლებაში ცხოვრობდა, ხშირად იარაღით დადიოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რის გამოც მეზობლებს პოლიციაში საჩივარი არაერთხელ დაუწერიათ. სავარაუდოდ, პატრულირება სწორედ ამ მიზნით ხდებოდა.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
იზა შაქარაშვილი