რა წვლილი მიუძღვის სოფელს 15 წლის გოგონას თვითმკვლელობაში?
რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში 15 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონა საკუთარი სახლის ეზოში, ხეზე ჩამომხრჩვალი ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა იპოვეს. გოგონას თვითმკვლელობის დეტალებს გაზეთი “პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გაზეთის ინფორმაციით, თინათინ მელაძეს ბებია ზრდიდა. სოციალური პრობლემების გამო დედა საზღვარგარეთ, კერძოდ იტალიაში იყო სამუშაოდ წასული. ქუთაისის #7 საჯარო სკოლაში მას დადებით და მოწესრიგებულ მოსწავლედ ახასიათებენ, რომელსაც სკოლაში სერიოზული პრობლემები არასდროს ჰქონია, თუმცა მისი მეგობრები ყვებიან, რომ თინათინს პრობლემები ჰქონდა სოფელში, რის გამოც ერთხელ ვენების გადაჭრაც კი სცადა. ირკვევა, რომ 15 წლის მოზარდი თანასოფლელების გაკიცხვის ობიექტად მხოლოდ იმიტომ იქცა, რომ მისი ჩაცმულობა არ მოსწონდათ.
ერთ-ერთი მეგობარი, რომელთან ერთადაც თინათინი პირველი კლასიდანვე სწავლობდა “პრაიმტაიმთან”, ჰყვება:
„თიკას დაახლოებით ხუთი თვის წინ ჰყავდა შეყვარებული, რომელიც მან ინტერნეტით გაიცნო და რამდენჯერმე შეხვდა კიდეც. მათ თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა დაახლოებით ერთ თვეში დაშორდა და აღარ შეხვედრია. იანვრის ბოლოს თინათინი სკოლაში მოვიდა და მას ხელზე ვენები ჰქონდა დასერილი. როდესაც მეგობრებმა ჰკითხეს მიზეზი, მან უპასუხა, რომ სოფელში წასვლა არ უნდოდა და სძულდა იქაურობა, რადგან მასზე ჭორაობდნენ მისი ჩაცმულობის გამო”.
გარდაცვლილის კიდევ ერთი მეგობარი კი ჰყვება იმ დღიურის შესახებ, რომელსაც თინათინი აწარმოებდა. უბის წიგნაკი ამჟამად გამოძიებას მტკიცებულების სახით ამოიღო. ამ წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი მისი მეგობრებისთვისაც მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი.
“დღიური რომ ჰქონდა, ვიცოდით, მაგრამ რას წერდა ამ დღიურში, ჩვენც ახლა გავიგეთ. იქ იყო პირადი ჩანაწერები, რომელშიც ჩახატულია სახრჩობელაზე დაკიდებული გოგონა და გაკეთებულია მინაწერები: თავს მოვიკლავ, მერე რა, მე არავის შევუშლი ამით ხელს, უფრო კარგიც იქნება, რადგან უფრო მოაკლდება ჩემნაირი რეგვენი ამ ქვეყანას“; “სიკვდილიიიიი”… “რა საზიზღრობაა”… “მე მოვიკლავ თავს, რადგან სიკვდილია ჩემი ხსნა”; “სიკვდილი მინდა”. “იცი, როგორ ჩამიჯდა თავში ეს ჩამოხრჩობა, აი, არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მავიწყდება თუ არ ვაკეთებ, არ ვიცი. აუ, როგორ მინდა, ძალიან მინდა სიკვდილი”, – დღიურში გაკეთებულ ჩანაწერებს “პრაიმტაიმს” თინათინის ბავშვობის მეგობარი გადასცემს.
ქუთაისის #7 საჯარო სკოლის პედაგოგს ნატო ფორჩხიძეს, რომელიც თინათინის კლასის დამრიგებელი გახლავთ, ამბობს, რომ თინათინი იმდენად მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი იყო, რომ სუიციდისკენ მიდრეკილება მისთვის არასდროს შეუმჩნევია.
“თინათინი იყო სკოლაში მშვიდი გოგონა, საკმაოდ გაწონასწორებული, კლასელებთან და მეგობრებთან ჰქონდა კარგი დამოკიდებულება. ის იყო საშუალო აკადემიური მოსწრების ბავშვი. ძალიან იშვიათად, თუ თიკო სკოლაში არ მოვიდოდა. მას ყურადღებას აქცევდა ბებო, რომელიც ხშირად დადიოდა ყოველ კრებაზე და იგებდა მის ამბავს. კრება ტარდება, საშუალოდ, ორ თვეში ერთხელ, შეიძლება თვეში ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების აკადემიური მოსწრება არ არის სასურველი”, – ჰყვება სკოლის პედაგოგი.
კლასის დამრიგებლის თქმით, მარიამისთვის იმ დღესაც საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, თუმცა ცოტა ხნის წინ მან გოგონა ატირებული ნახა. როდესაც დამრიგებელი მიზეზით დაინტერესდა, თინათინმა უპასუხა, რომ დედა ენატრება. “18 მარტს თიკო ჩვეულებისამებრ იყო სკოლაში დილიდან, მისთვის რაიმე პრობლემა არ შემინიშნავს. მე-6 გაკვეთილზე, რომელიც ჰქონდათ ფიზკულტურა, მივაკითხე მათ და რატომღაც თიკოს შევეკითხე, ხომ ხარ კარგად-მეთქი, მიპასუხა: კი, ნატო მასწავლებელო, კარგად ვარო და თან გაიცინა. დაახლოებით თვე-ნახევრის წინ თიკო დილით მოვიდა სკოლაში. კლასში რომ შევედი, დავინახე, თვალები ჰქონდა ცრემლიანი, შევეკითხე, რატომ ტირი-მეთქი, შეყვარებული ხომ არ ხარ ან რამე სხვა პრობლემა ხომ არ გაქვს-მეთქი? მიპასუხა, არა, შეყვარებული არ ვარ, ნატო მასწავლებელო, დედა მენატრებაო. მას სკოლაში ვინმესთან კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონდა”, – ამბობს ნატო ფორჩხიძე.
“პრაიმტაიმთან” ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძის თქმით, დგას სოფლის პასუხისმგებლობა, როდესაც ხედავ, რომ ადამიანი მოწყვლადია, და ამ ფონზე მას კიდევ აღიზიანებენ.
“არ შეიძლება გამორიცხული იყოს ფსიქიკური ფაქტორებიც. შეიძლება მთელი სოფელი მასზე არ ჭორაობდა, მაგრამ მას ასე ეჩვენებოდა. ძალიან რთული შინაგანი პროცესები შეიძლება მიმდინარეობდა ამ ბავშვში. რასაკვირველია, დგას სოფლის პასუხისმგებლობა, როდესაც ხედავ, რომ ადამიანი მოწყვლადია, და ამ ფონზე მას კიდევ აღიზიანებენ. მით უმეტეს, ეს ბავშვი იზრდებოდა ბებიასთან. ცხადია, მას ექნებოდა შინაგანი პრობლემები”, – ამბობს ფსიქოლოგი.