"სააკაშვილი თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება"

  მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, ყველა კითხვას, თუნდაც მისთვის უხერხულს, ამომწურავი პასუხი გასცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოვა, კანონის შესაბამისად მასზე ძებნა გამოცხადდება.
“თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება. ის დღეს ჩვეულებრივი მოქალაქეა. პროკურატურას მასთან ძალიან მძიმე საქმეებზე აქვს კითხვები. კეთილი ინებოს, ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის ჩემი ძალიან მარტივი პასუხი”, – აღნიშნავს პრემიერი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თუ მიხეილ სააკაშვილს შენარჩუნებული აქვს გარკვეული გონიერება, უნდა ჩამოვიდეს და დაკითხვაზე გამოცხადდეს.
“მან ყველა კითხვას უნდა გასცეს ამომწურავი პასუხები. თუნდაც გაფანტოს ეჭვები, დაეხმაროს გამოძიებას, სწორად წარმართოს აღნიშნული პროცესი. თუ მას აქვს შენარჩუნებული გარკვეული გონიერება, უნდა ჩამოვიდეს. ის უბრალოდ ვალდებულია, ჩამოვიდეს, ვინაიდან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას, პროკურატურას ვგულისხმობ, აქვს კითხვები. მეორე საკითხია, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა ჩამოვიდეს, თუ ჯერ კიდევ აქვს საღი აზრი შენარჩუნებული”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები