რატომ არიან ნახევრად გიჟები მსახიობები და  რა ამბიციები ამოძრავებთ სცენაზე

მსახიობი რამაზ ხომასურიძე მუდამ თავისუფლების ძიებაშია. ამბობს, რომ ახლა მთაში წასვლას აპირებს თავისუფლების საძებნელად. თუმცა, სანამ სიმაღლეებს დაიპყრობს, თეატრის „მწვერვალებზე“ გვესაუბრა…


– თეატრალურში ბატონმა შალვა გაწერელიამ შეგვამზადა იმისთვის, რომ ერთია, რაზეც ოცნებობ და მეორეა -რეალობა. იქამდე კი, სანამ ჩემს ცხოვრებაში თეატრი შემოვიდოდა, იყო მუსიკა…
ჩემთვის გატაცებაზე მეტად რაღაც დონეზე ვალდებულება იყო, მიმიყვანეს მუსიკაზე და უნდა დამემთავრებინა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ნამდვილად შემიყვარდა. დამავთავრებელ ჯგუფში ყოფნისას გადავწყვიტე, რომ მუსიკას გავყოლოდი და კონსერვატორიის ათწლედში ჩავაბარე. ჩემს ასაკთან შედარებით ჩამორჩენილი ვიყავი პროგრამას, რომ ძალიან ბევრი მეცადინეობა მიწევდა. კონსერვატორიაში მერვე კლასი რომ დავამთავრე, მშობლებმა არ იცოდნენ, ისე შევიტანე საბუთები თეატრალურში. მშობლები ხელს მიწყობდნენ და ემზადებოდნენ, რომ მუსიკოსი გავხდებოდი, მაგრამ გადამიბრუნდა, პატარა შარიკს რომ ეძახიან და ჩავაბარე სამსახიობოზე. მას შემდეგ ამ სფეროში ვარ.12282914_1169659283062678_173477310_n
– …და ბატონი შალვა გაწერელიას ერთ-ერთი სტუდენტი ხარ…
– 
ძალიან გამიმართლა, რომ ბატონი შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი. საოცრება იყო და დღემდე ეს განცდა მაქვს. დავამთავრებდი თეატრალურს, მერქმეოდა მსახიობი, მაგრამ ის ცოდანა, გამოცდილება არ მექნებოდა რაც ამ პროფესიას ჭირდება. აბსოლუტურად შალვა გაწერელიას ვუმადლი.
– რატომ იყო განსაკუთრებული შალვა გაწერელია…
– 
მეტი ინდივიდი იყო, ჩემი აზრით, ეს არის. რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება გამყვება ის საუბარი… როგორ უნდა შეძლო მაყურებლის წინ შენი სათქმელი თქვა და თამამად იდგე სცენაზე. ძალიან დიდი მარაგი უნდა გქონდეს – ადამიანური და პროფესიული.
– რა წინააღმდეგობებს წააწყდი თეატრში?
– 
თეატრში არაფერს, მაგრამ თეატრში მისვლა ძალიან რთული იყო.  რომ დავამთავრე, 5 წელი არცერთი თეატრის მსახიობი არ ვიყავი. სხვადასხვა თეატრში მიწვევით ვთამაშობდი, მაგრამ დასში არ ვყოფილვარ. 2007 წელს მეგობრის შეთავაზებით ცხინვალის თეატრში აღმოვჩნდი და იმის შემდეგ ამიყვანეს და დავრჩი.
– მუსიკაზე არასოდეს აღარ გიფიქრია?
– 
მუსიკაზე ახლაც ვფიქრობ, ოღონდ მსმენელის პოზიციიდან. ინსტრუმენტი მაქვს, ხანდახან, როცა შემაწუხებს პატარა ამბიციები, ვუკრავ. თუმცა, მირჩევნია მოვისმინო, ძალიან დიდი შრომა სჭირდება, მით უმეტეს – ვიოლინოს. ხშირი კონტაქტი უნდა გქონდეს ინსტრუმენტთან…
– მუსიკა თუ დაგეხმარა თეატრში?
– აბსოლუტურად ყველაფერში. თუ მუსიკასთან მწყრალად ხარ, არ შეიძლება, კარგი მსახიობი იყო. ტემპის, რიტმის შეგრძნება ეს ყველაფერი მუსიკაა. მუსიკის აღქმა, მსახიობს ხასიათს, განწყობას აძლევს.
– შენ და თეატრი…
– 
ამ ცხოვრებაში თეატრს თუ ავიღებთ, როგორც ფენომენს, არის სილამაზე, სიამოვნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის არის საქმე და ჩემი ყოველდღიური საფიქრალი. ეს სფერო ჩემთვის მთავარია, პირველი ადგილი უკავია, მერე მოდის სხვა დანარჩენი ყველაფერი ადამიანური…
– როგორი უნდა იყოს მსახიობი?12285886_1169659269729346_1627318933_n
– მე რამდენად ვარ ის, როგორიც უნდა იყოს მსახიობი, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. პასუხისმგებლობა საქმის, მაყურებლის მიმართ. ჩვენი პროფესია მაყურებლის გარეშე არ არსებობს და ვცდილობ, რომ ყოველთვის თუ რამე მნიშვნელოვანს ვაკეთებ, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობით შევუდგე ამ საქმეს.
– მსახიობები განსხვავებულები არიან, რატომ?…
– 
ალბათ იმიტომ, რომ ცოტა გიჟები ვართ. არ შეიძლება მთლად დალაგებული იყო და ჰამლეტის თამაში მოგინდეს, რაღაც უნდა გაწუხებდეს, მე ასე ვხედავ…
– თეატრალურის დამთავრების შემდეგ…
– 
ინსტიტუტში შემამზადეს ამ ყველაფრისთვის. შენ ოცნებობ, ერთია, მაგრამ რეალურად რა ხდება, სულ სხვაა. მაგრამ მე  ხელი არასოდეს ჩამიქნევია და დაბოღმილი არ მივლია ქუჩაში. რას ველოდი, არ ვიცი, მაგრამ მჯეროდა, რომ ვინმეს დავჭირდებოდი. ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც დადგა ეს ეტაპი და ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აღმოვჩნდი. ვფიქრობ, მსახიობმა სულ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და ყოველთვის დადგება ის დრო, როცა მოგეცემა საშუალება, გააკეთო, რაც შეგიძლია.
– დავუბრუნდეთ ისევ შენს როლებს…12283104_1169659256396014_1169495918_n
– 
რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ მომცა ახალგაზრდა გმირის როლი. მაშინ ვიგრძენი, რომ ინსტიტუტისგან განსხვავებით, თეატრში  უფრო მეტი დრო და საშუალება გაქვს, რომ  ჩაეჭიდო კარგად იმას, რაც უნდა აჩვენო მაყურებელს.  ძალიან კარგად მახსოვს აკაკის პოეზიის მიხედვით გაკეთებული სპექტაკლი – „გუშინწინ, გუშინ დღეს.“  მქონდა მიჯნურის როლი, რომელიც ძალიან კარგად მახსენდება. შემდეგ იყო ზურიკელა,  ძირითადად, ჩავეჭიდე იმ ნიუანსებს, რაც ამ გმირს გააჩნია, სისუფთავე,  უშუალობა, სიალალე. მინდა გითხრათ, ცოტა ვიწვალე ამ როლზე მუშაობისას, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ჩემი აზროვნება ცოტა ხელს მიშლიდა, ასეთი ლაღი და სუფთა ვყოფილიყავი. საერთო ჯამში, კარგად მახსენდება და მაყურებელმაც კარგად მიიღო. ბოლო პერიოდში მთლიანად შევიცვალე, როცა ბატონმა გოჩა კაპანაძემ „ჯაყო“ დადგა. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია რეჟისორის მიერ სწორად დანახული და სწორად შერჩეული  გმირი. მე საკუთარ თავს ჯაყოდ ვერასოდეს  წარმოვიდგენდი, სანამ ამ როლზე მუშაობა არ დავიწყე. მივხვდი, რომ ამას სულ სხვა მუშაობა სჭირდება და პროფესიულ თვალსაზრისით ძალიან შემეცვალა დამოკიდებულება. მივხვდი, რომ გავიზარდე ჩემს პროფესიაში. თავისუფლად ვგრძნობდი თავს სცენაზე და რეჟისორს რაც უნდოდა, ჩემი სახით გმირს ეთქვა, ნამდვილად თქვა.
–  რომელი როლი უფრო შეესაბამება შენს ხასიათს?
– 
ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ უარყოფით როლებში „გადამაგდეს“  და მე კარგი ბიჭი ვარ, დედას გეფიცებით. ამ ბოლო დროს დაიდგა ჩვენთან „რომეო და ჯულიეტა“, სადაც ვითამაშე ტიბალტი.
– რა გაქვს შენ ისეთი, რომ უარყოფითი როლები კარგად გამოგდის?
– 
ნამდვილად არ ვიცი, ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს ხედვაა რეჟისორის. ალბათ კარგად გამომდის აგრესიული ხასიათის გამომჟღავნება. სამაგიეროდ, სცენაზე ვიცლები აგრესიისგან და ცხოვრებაში ვარ დადებითი ადამიანი. ალბათ, რომ არ ვითამაშო უარყოფითი როლები, ცხოვრებაში უფრო აგრესიული ვიქნები. კარგია, უარყოფითი როლები სიმშვიდის შენარჩუნებაში მეხმარება.
– როლი, რომელიც განსაკუთრებით გინდა, რომ ითამაშო…12286118_1169659263062680_709333356_n
– 
სიმართლეს გეტყვი,  საოცნებო როლი არ მაქვს. არ ვიცი, რატომ უნდა ვიოცნებო. ჩვენი პროფესია არის აბსოლუტურად დამოკიდებული ყველაზე და ყველაფერზე, ვინც  თეატრშია – ეს იქნება დასი, თუ ეს იქნება  რეჟისორის გადაწყვეტილება. ვცდილობ, რასაც შემომთავაზებენ, იქ ვიყო ღირსეული. გამიხარდება, თუ კარგი გამოვა და სხვასაც მოეწონება. მოლოდინის რეჟიმში ვარ სულ…
–  როგორ მუშაობ როლზე?
– როლი მუშაობს ჩემზე… გიჟივით დავდივარ და ტექსტს ვიმეორებ. ეს როგორ ხდება, არ ვიცი. „ჯაყოს“ პერიოდში სულ  „მაშ, მაშას“ ვიძახდი. ჩემი პროფესია თეატრის კედლებში არ რჩება, მომყვება ბოლომდე, ავტობუსში, მეტროში და ძილშიც. ვფიქრობ, ეს კარგია…
– „ჯაყო“ გარკვეული ეტაპია შენს ცხოვრებაში…
– 
თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ვითამაშეთ „ჯაყო“ და ჩვენმა სპექტაკლმა  ორ ნომინაციაში – საუკეთესო რეჟისურაში და საუკეთესო მუსიკალურ გაფორმებაში გაიმარჯვა…
–  საუკეთესო ჯაყოს მოლოდინი თუ გქონდა ?
– 
მე არ მაქვს ასეთი სურვილები… არც ველოდები… ჩემთვის ვთამაშობ. ასევე ვიყავით ფოთის რეგიონალული თეატრების ფესტივალზე  და იქაც წარმატებული სპექტაკლი იყო. ახლა ახალი სპექტაკლისთვის ვემზადებით…. ვიწყებთ მუშაობას, ჯერ როლები განაწილებული არ არის. შენობა არ გვაქვს, ამის გამო რკინიგზელთა სახლში გვაქვს სარეპეტიციო და სპექტაკლებს  რუსთაველის თეატრში ვთამაშობთ…12309409_1169659279729345_904216767_n
– გიყვარს ექსპერიმენტები?
– 
რაღაც გატაცებები სულ მაქვს. როცა ჩავაბარე თეატრალურში, ყურადღების და სმენის ვარჯიშებს ვაკეთებდით. ასევე – როგორ უნდა ვაკონტროლოთ სხეული.  ამ ყველაფერს კი იოგა გულისხმობს.  მაშინ გამიტაცა პირველად იოგამ და ცოტა ხანს გატაცებული ვიყავი. ახლა მთაში წასვლა მინდა, მოვწყდები ყველაფერს, იქ ძალიან სისუფთავეა…
– რას იღებ აქედან?
– ყველაფერს, პირველ რიგში – თავისუფლების შეგრძნებას…
– რისთვის გჭირდება?
– 
ჩემი თავის შესაფასებლად, ყველასაგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლად. სულ ვეძებ თავისუფლებას. არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ თავისუფლება მინდა.
– რის ხარჯზე?
– 
აბსოლუტურად ვერ განთავისუფლდები, მაგრამ პიროვნების ჩამოყალიბებაში გარკვეული თავისუფლება აუცილებელიც არის… და ვცდილობ, ამ თავისუფლებას არაფერი მოვაკლო, მირჩევნია, სხვა რამე შემეზღუდოს. ასე ვცხოვრობ, ძალიან ბევრ რამეს დავთმობ და ამას არც განვიცდი და არც ვნერვიულობ. თავისუფლებას თუ შემიზღუდავენ, ალბათ შემეცვლება ხასიათი…

 ნინო ჯაჯანიძე

12308844_1169659286396011_939657910_n

12309194_1169659266396013_1335221175_n

12305734_1169659276396012_63022220_n

12305940_1169659273062679_1414566577_n

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები