რა ესიზმრებათ ცირკის მსახიობებს და რას ნიშნავს „ზელიონკა“ სიცილის სამყაროში
35 წელზე მეტია მერაბ დანელია ცირკის მსახიობია. თუმცა 2005 წლიდან არენაზე ვეღარ გადის. რა ტრავმები მიიღო და რატომ ნახულობს დღემდე ძველი წარმოდგენების ვიდეოჩანაწერებს…
– ძალიან რთულია, იყო ცირკის მსახიობი. 55 წლის ვარ, ცირკში 1979 წლის დასაწყისში მოვედი. სკოლა რომ დავამთავრე, ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე, პირველი კურსის შემდეგ დაუსწრებელზე გადავედი და მეგობართან ერთად ჯარში წავედი. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ იწყება ჩემი ცხოვრება ცირკში…
ოჯახში, რა თქმა უნდა, ძალიან წინააღმდეგნი იყვნენ, განსაკუთრებით დედა… უმაღლესი დავამთავრე და ცირკისთვის არ „ვემეტებოდი“… თუმცა ჩემს გადაწყვეტილებასთან შეგუება მაინც მოუწიათ…
მაშინ საბჭოთა ცირკი იყო. ნიკოლაი ალხავიკოვი გვავარჯიშებდა და ასე ჩამსვეს „Русская Тройка“-ში, ფიზიკური მონაცემების გამო მე, ორ ებრაელ ბიჭთან ერთად, საყრდენ ნაწილში – ქვემოთ ვიდექი. ისეთი დიდი პროგრამა გვქონდა, რომ გასტროლზე 3 წლის განმავლობაში დავდიოდით. მართლაც, რომ ბოშათა ბანაკივით ვიყავით, ერთ ქალაქში ერთი თვე ვჩერდებოდით, შეეჩვეოდი ამ ხალხს, თანამშრომლებს და მერე უკვე გიწევდა სხვა ქალაქში წასვლა. 5 წელი ვმუშაობდი ამ ჯგუფთან ერთად სოჭში. მერე ჯანმრთელობამ შემიშალა ხელი, ხერხემალზე პრობლემის გამო წამოვედი იქიდან.
– უამრავ ადამიანს ხვდებოდით…
– კი, ნამდვილად ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ჩემს საცირკო მოღვაწეობაში დიდი როლი შეასრულა ქალბატონმა ნანა მელქაძემ, ერთადერთი უძლიერესი მოჯირითე ქალია, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ასევე დამეხმარა რეჟისორი სანდრო ერისთავი. სულ გვერდით მედგნენ და ცდილობდნენ, კარგ დასში მემუშავა…
– ყველაზე მეტად რა მოგწონდათ?
– ცირკი ისეთი რაღაცაა, თუ ერთხელ შემოხვალ, მერე აქედან გასვლა ძალიან ძნელია. სულ სხვა სპეციფიკაა. დიდი განსხვავებაა კინოს, თეატრისა და ცირკის მსახიობებს შორის. ავად რომ გახდეს ცირკის მსახიობი, ნომერში შემცვლელი ჩვენთან არ არის. სადამდეც დგახარ ფეხზე და არ წაიქცევი, იქამდე უნდა იმუშაო. ძალიან მეგობრული ურთიერთობაა, ხშირად მთლიან ნომერს ერთი ოჯახი ასრულებს…
– თქვენს ოჯახზე გვითხარით…
– რამდენიმე წელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიმუშავე. მაგრამ გული და სული სულ ცირკისკენ მომიწევდა და სულ აქ ვიყავი. სწორედ ამ შუალედში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ნათელა კილაძე. პროფესიით ეკონომისტია და ჩემს საქმიანობასთან შეხება საერთოდ არ აქვს.
– იცოდა ცირკში თქვენი მოღვაწეობის შესახებ?
– კი, იცოდა, რომ გამომყვა. მერე ვერაფერს ვეღარ იტყოდა. ალბათ ძალიან ძნელია, ასეთ გოგოებთან სურათებს რომ გადაიღებ და ამას მეუღლე ნახულობს. მე ვეუბნებოდი, რომ ეს მსახიობის პროფესიაა…
– სულ გასტროლებზე იყავით, არ ეჭვიანობდა? თუ თქვენთან ერთად ისიც მოდიოდა…
– რატომ უნდა ეეჭვიანა? მენდობოდა, ახლა არ მენდობიან, მაშინ რომ მენდობოდნენ, ისე. გასტროლებზე არ დამყავდა, იქ რა უნდოდა, ხელს შემიშლიდა.
– უამრავი ნომერი გინახავს, რა გვეტყვით დღევანდელ და მაშინდელ ცირზე?
– მაშინ უფრო კარგი ცირკი იყო, მე ასე მგონია. თუ ცირკში ცხოველი არ არის, მაშინ ის რა ნომერია. ახლა ძნელია მათი შენახვა, ძალიან ძვირი ჯდება. მათ საკუთარი ექიმი ჰყავთ, აცრებს უკეთებენ, ასევე გარკვეული საკვები სჭირდებათ, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღონ. ალბათ ამის გამოა, რომ თანამედროვე საცირკო ნომრებში ცხოველები იმ დოზით აღარ არიან…
– დაბრუნდით ისევ არენაზე…
– ცირკის სასტუმროს დირექტორად დამნიშნეს. ცირკში ვიყავი და თან არ ვიყავი, ეს სულ მაწუხებდა… და ისევ ქალბატონ ნანა მელქაძის დამსახურებით არენას, როგორც ჯამბაზი, ისე დავუბრუნდი. ჩვენ მესამე თაობა ვართ. როცა გიყვარს წინაპრები, მათი საცირკო საქმიანობა არ უნდა დაივიწყო. დღემდე, სახლში როცა მივდივარ, კასეტებს ვიღებ და ძველ ვიდეოჩანაწერებს ვუყურებ… მერე მე და ჩემმა მეგობრებმა – ანზორ ხოჯაშვილმა, ალიოშა ჩხოტუამ გავაკეთეთ კლოუნადა. მე ,როგორც დასავლეთელს, მეძახოდნენ ძუკუს, იმათ ეძახოდნენ ჭიჭის, სამტრედიელი იყო და წოპეს, იმიტომ რომ გრძელი ცხვირი ჰქონდა.
– ჯამბაზის პროფესია…
– ჯამბაზობა არის ძალიან ძნელი პროფესია. აი, მაგალითად – არ ვარ მე ხასიათზე, რომ ვიცინო და ვიტინგიცო საცირკო არენაზე, მაგრამ იძულებული ვარ. ცირკის მსახიობობა ნიშნავს, მოწყდე მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს. თუმცა, ერთხელ მეტროში ჩავდიოდი და ბავშვმა დაიწყო ყვირილი: „დედიკო, ეს ბიძია გახსოვს?“, მამამ გაბრაზებულმა შემომხედა, დედამ კი უთხრა – კი, მახსოვს, ცირკში ჯამბაზი იყოო. შვებით ამოვისუნთქე. სასიამოვნო იყო ჩემთვის, როცა ქუჩაში ბავშვები მცნობდნენ.
– დღემდე ხართ ცირკში…
– ახლა საცირკო არენის უსაფრთხოებაში ვეხმარები ჩემს მეგობარს. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა პრობლემები – ხერხემალი სულ პლასტმასით მაქვს აწყობილი, ერთხელ ბაწარი გაწყდა და თვალი გავიფუჭე, ფეხის ამპუტაციაც დამჭირდა… ჩემი სული და გული მაინც არენაზეა…
– რა გენატრებათ ყველაზე მეტად და სიზმრებს თუ ნახულობთ ცირკზე?
– კი, ძალიან ხშირად მესიზმრება ცირკი, გული ისევ იქით მიმიწევს. სულ მაგონდება, რომელ ქალაქში რა გვიკეთებია. „ზელიონკა“ გვქონდა, ასე ვეძახდით, ბოლო დღეს მსახიობები ერთმანეთს ვეხუმრებოდით. მაგალითად, არენაზე გასვლის წინ, რომელიმე მსახიობს ჩუმად ბოთლებს მოვაბამდით და რომ გავიდოდა, გაჰქონდა რახა-რუხი. თუმცა, ისეთ რამეს არასოდეს ვაკეთებდით, რომ მერე ნომერში ხელი შეშლოდა. გული მწყდება, რომ ქართული დასი დაიშალა. ქართველებს ყველაზე კარგი სანახაობა გვქონდა, ძლიერები ვიყავით და ეს ქართული ხასიათიც რაღაც სხვანაირს ხდიდა ნომრებს.
– ამ ყველაფრის შედეგი რა არის?
– ჯამბაზს ყველა უკრავს ტაშს, მაგრამ მე უფრო მეტად ბავშვის აპლოდისმენტი მიხარია. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, გასტროლზე ნეკნები გამბზარვია. ამ დროს არ უნდა შეიმჩნიო, ჩუმად მითქვამს მეორე მსახიობისთვის – „ნელა დამარტყი, ნეკნები მტკივა“. გამოვდიოდი არენიდან, გამაყუჩებლის „ბლოკადას“ ვიკეთებდი და სხვა წარმოდგენაზე ისევ „მანეჟზე“ გავდიოდი. ერთხელ საჰაერო ნომრის დროს ავიდა მსახიობი ზემოთ და გული წაუვიდა, ჩამოვიყვანეთ და მაყურებელს არც გაუგია, ისე გამოვიყვანეთ წარმოდგენიდან. ამ ყველაფერს კი იმისთვის ვაკეთებთ, რომ პატარები გავახაროთ და მათთან ერთად დიდებიც გავამხიარულოთ.
– გიფიქრიათ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ?
– რაც მიყვარდა, ის გავაკეთე. არა, ასეთი რამ არასოდეს მიფიქრია. გული მწყდება, რომ საცირკო და საესტრადო სასწავლებელი გვქონდა და 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. იმედი მაქვს, ქართული საცირკო დასი ისევ შეიკრიბება და ჩვენს განსხვავებულ წარმოდგენებს მაყურებელს კვლავ შევთავაზებთ…
ნინო ჯაჯანიძე