აშშ-ს ელჩი სტუდენტობის პერიოდს იხსენებს: საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის გაბრწყინებასავით იყო
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ სტუდენტობის პერიოდს და იმ შთაბეჭდილებებს იხსენებს, რაც საქართველოს პირველად მონახულებისას მიიღო.
“1976 წელს ლენინგრადის უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდით. ეს ბრეჟნევის პერიოდი იყო. ლენინგრადი ძალიან მიყვარდა და მოსკოვშიც ჩავდიოდი ხოლმე. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო მძლავრი ტოტალიტარული სისტემა. ბევრ რუსს არ სურდა ჩემთან საუბარი მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელი ვიყავი.
საბჭოთა ტურისტულმა სააგენტომ სტუდენტები ოთხი დღით თბილისში ჩამოგვიყვანა. საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის გაბრწყინებასავით იყო.
გაკვირვებული დავრჩი იმ ფერებით, რომელიც აქ ვიხილე. საოცარი იყო, თუ რამდენად გულღია იყვნენ ქართველები ჩემდამი, როგორც ამერიკელი ტურისტისადმი. ასევე, გამაკვირვა იმ სიამაყემ, რომელსაც ქართველები აშკარად გამოხატავდნენ თავისი ქართველობის, საქართველოსადმი კუთვნილების მიმართ. გარკვეულწილად, ქართველები სანიმუშოებიც იყვნენ საბჭოთა კავშირში – ისინი იდენტიფიკაციას ახდენდნენ ჯერ, როგორც ქართველები და შემდეგ, როგორც საბჭოთა კავშირის მოქალაქეები. მას შემდეგ რამდენჯერმე დავბრუნდი საქართველოში – იყო ცუდი და კარგი პერიოდებიც. საქართველოში ვიყავი 1995 წელს – ცუდი დრო იყო, ელექტროენერგიის დეფიციტი, ქვეყანას ჰყავდა უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი და ხშირად ქუჩაში გამოსვლაც კი სახიფათო იყო. შემდეგ საქართველოში 2012 წელს ვიყავი და ისევ გაბრწყინებასავით იყო ჩემთვის იმ კუთხით, თუ რაოდენ დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ. დიპლომატიური მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს და ამ პერიოდში მსურდა მხოლოდ ერთი სამუშაო – რომელიც დამაყენებდა ბრძოლის ველზე იმ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის ჩარევას განიცდის. ეს იყო ერთადერთი სურვილი, რომელიც მქონდა“, – აცხადებს აშშ-ს ელჩი.