სტიქია გურიაში – ძლიერმა წვიმამ და ქარმა მოსახლეობა დააზარალა (ფოტოკოლაჟი)
ჩოხატაურსა და ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ და ქარმა მოსახლეობა დააზარალა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ძლიერმა ქარმა კი სახლებს სახურავები ახადა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე სოფელი.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა აცხადებს, სოფელ კოხნარის მიმართულებით მეწყერი ჩამოწვა ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარებულია.
„მოკლე პერიოდში მოვიდა უხვი ნალექი და ამან გამოიწვია რამდენიმე ქუჩის დატბორვა. მაშველებთან ერთად მოხდა შესაბამისი ღონისძებების გატარება, სადაც აუცილებლობა მოითხოვდა, იქ წყლის ამოტუმბვა მოხდა. მანამდე რამდენიმე ქუჩაზე წყალი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლების პირველ სართულში და სარდაფებში შევიდა. სოფელ კოხნარის მიმართულებით ჩამოწვა მეწყერი, რომელიც გაწმენდილია და გზის მოწესრიგება ხვალისთვის გაგრძელდება. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ზოგგან აღდგა, მაგრამ რამდენიმე სოფელში ამაღამ ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის მიწოდება“,- აღნიშნა, ირაკლი კუჭავამ.