კომპანია „არ – ემ – ჯი გოლდს“ ლიცენზიის ვადა 5 წლით გაუგრძელდა

  კომპანია „არ – ემ- ჯი გოლდს“ ლიცენზიის ვადა 5 წლით გაუგრძელდა, – ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“2014 წლის 29 დეკემბერს, შპს „არ ემ ჯი გოლდმა“ წიაღით სარგებლობის ლიცენზიის (სერია 53, ნომერი 0010 ტიპი VI ABC) ვადის გაგრძელების თაობაზე მომართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს. წერილში კომპანია აღნიშნავდა, რომ სალიცენზიო ფართობის ერთ-ერთ ობიექტზე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელა ლიცენზირებული ტერიტორიის, ე.წ. “საყდრისი-ყაჩაღიანის” საბადოს დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები და ითხოვა მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ ტერიტორიის კოორდინატების ფარგლებში, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის # 2/271 ბრძანებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის # 03/266 ბრძანების მიხედვით მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და შპს „არ -ემ -ჯი გოლდის“ მიერ განხორციელდა არქეოლოგიური ობიექტის აღება.
შპს „არ-ემ-ჯი გოლდმა“ წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, წარმოადგინა კანონმდებლობით გათვალიწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ, ზემოაღნიშნულ ტერიტორიას უკვე მოხსნილი აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო არქეოლოგიური ობიექტი აღებულია (დაშლილია), ხოლო მეორე მხრივ, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და “სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 61 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიმართა საქართველოს მთავრობას შპს „არ -ემ- ჯი გოლდზე“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ზემოაღნიშნულ კოორდინატებში 5 წლით გაუგრძელდა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები