ქრისტეშობის დღესასწაული მეალილოებს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს
ქრისტეშობის დღესასწაული მეალილოებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს. ალილოს მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ, სადაც მათ დავით უსუფაშვილმა და მისმა კოლეგებმა ტკბილეული გადასცეს. უსუფაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს სიხარული, ბედნიერება, წარმატება უსურვა.
“ქრისტეშობის დღესასწაულს ყოველი ჩვენგანისთვის მოაქვს ახალი იმედი, ახალი სიხარული. ჩვენ, პარლამენტის წარმომადგენლები ტრადიციულ ღონისძიებაში – ალილოს მსვლელობაში ტრადიციისამებრ ვმონაწილეობთ, როცა ჩვენთან პატარა ანგელოზები მოვლენ. ჩვენ გვესტუმრნენ პატარები, რომლებმაც შობა მოგვილოცეს და მცირედი საჩუქრებით შობა მივულოცეთ მათ. ეს არის ტრადიცია, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო დღეს, 14:00 საათზე, “ვარდების მოედნიდან“ დაიწყო.
მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები შობის პარაკლისს გადაიხდიან.