გიორგი ნემსაძე: მიხეილ სააკაშვილმა პირადად დამირეკა და მთხოვა, გადადექიო
გიორგი ნემსაძე შვიდწლიან დუმილს არღვევს. მისი განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე წუთში საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა და გადადგომა სთხოვა.
„ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა, რადგან პირადად დამირეკა ქვეყნის პრეზიდენტმა და მთხოვა… ქვეყანაში მშვიდობა რომ შევინარჩუნოთ, ძალიან გთხოვ, ხელახალი ყრილობა გამოაცხადეო… „ლამაზად“ მითხრა, მაგრამ „გადადექი“-ს არ ნიშნავდა? სხვა ფაქტორებიც იყო, დეტალებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მივიღე და ვუპასუხე – არ არის პრობლემა, ფეხბურთის გამო ქვეყანაში დაპირისპირებას ხომ არ დავიწყებთ-მეთქი?! ბევრს დასწყდა გული, მაგრამ ყველაზე მეტად ხომ მე დამწყდა? ჭორებს რომ ავრცელებენ, ნემსაძეს დაემუქრნენ და გადადგომა აიძულესო, ტყუილია! მსგავსი არაფერი ყოფილა – პრეზიდენტის გარდა არავის დაურეკავს. მით უმეტეს, მიშასთვის უარის თქმაც შემეძლო!“ – აცხადებს გიორგი ნემსაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2007 წლის 13 მაისს გაიმართა. არჩევნებში ყოფილმა ფეხბურთელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ნემსაძემ გაიმარჯვა. თუმცა, ის თანამდებობიდან გადადგა და არჩევნები ხელმეორედ დაინიშნა, სადაც ნოდარ ახალკაცმა (უმცროსმა) გაიმარჯვა.