კახა კუკავას ავანტიურები და მისი რუსული დაფინანსების წყაროები
ის ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ავანტიურისტ მოთამაშედ ითვლება, – გაზეთი “პრაიმტაიმი” პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერზე – კახა კუკავაზე სტატიას აქვეყნებს.
სტატიის ავტორი მის რამდენიმე ავნტიურისტულ ნაბიჯს იხსენებს და ასევე მისი პარტიის რუსული დაფინანსების წყაროებზე საუბრობს.
რაც შეეხება კუკავას ავანტიურებს, მან ადრე არ გამორიცხა, რომ ის, ეკა ბესელია და ლევან გაჩეჩილაძე ერთ პარტიას ჩამოაყალიბებდნენ. ახლახან ექვსი პარტიის ერთობის შესახებაც განაცხადა. მანამდე კი კახა კუკავა და ჯონდი ბაღათურია ამტკიცებდნენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურა გვეყოლებოდა პაატა ბურჭულაძის სახით.
როგორც გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს, ასეთი ავანტიურები ყოველი არჩევნების წინ მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება მიანიშნებდეს და მას ფინანსების მიზიდვა ჰქვია. გამოცემა ვლადიმერ ხომერიკის კუკავასთან კავშირებს იხსენებს და ამბობს, რომ შეუძლებელია ეს კავშირი უბრალოდ მეგობრული ყოფილიყო. ხომერიკი რუსეთში “ნაციონალური გაერთიანების კონგრესისა” და ” ქართველი და რუსი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტია. ხომერიკთან ერთად კუკავა რამდენჯერმე დაფიქსირდა მოსკოვშიც და თბილისშიც. ამბობენ, რომ სწორედ მას უნდა დაეფინანსებინა 2012 წლის აპრილის შუალედური არჩევნები. ხომერიკის და ალექსანდრე ებრალიძის სახელს უკავშირდება “გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპოლომატიის მხარდამჭერი ფონდი”.
როგორც “პრაიმტაიმი” წერს, ეს ფონდი არის სწორედ ის ბირთვი, რომელიც საქართველოში პრორუსული ორგანიზაციების შექმნა-ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სწორედ ამ ფონდთან აქვს ურთიერთობა კახა კუკავასაც. ალესანდრე ებრალიძე კი არ მალავს, რომ კახა კუკავას აფინანსებდა. მათივე ინფორმაციით, იკვეთება კახა კუკავას და “ჯავახკს” შორის კავშირიც. კუკავა რუსეთში დაუკავშირდა ნაციონალურ-სეპარატისტულ ორგანიზაცია “ჯავახკს”, რუსეთის დიასპორის პრეზიდენტს აგასი არაბიანს და არჩევნებში დახმარება სთხოვა. “რუსეთმა უკვე რამდენჯერმე დააფინანსა კუკავას კამპანია და მოლოდინებიც დიდი ჰქონდა, მაგრამ გაუცრუვდა“, – წერს სტატიის ავტორი.