რა კავშირშია სააკაშვილის ბიძა ზურაბ ჟვანის მკვლელობასთან?
რა კავშირშია სააკაშვილის ბიძა ზურაბ ჟვანის მკვლელობასთან?- ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი “პრაიმტაიმი” სტატიას, სადაც პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი ჟვანია-ალასანია-სააკაშვილის დაპირისპირებას იხსენებს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მის საფლავს სპეციალური დაცვა მიუჩინეს.
“საბჭოთა პერიოდში “კაგებეს” ჰქონდა ხსნარები, რომელიც გარკვეული კონტაქტის, თუნდაც ხელის ჩამორთმევის შემდეგ, კონკრეტულ ვადაში მოქმედებს და იწვევს ადამიანის სიკვდილს. გამოიყენეს თუ არა ეს ხსნარი ჟვანიასა და უსუპოვის შემთხვევაში, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. თუმცა ფაქტია, რომ ექსპერტიზა გაყალბდა. უფრო მეტიც, პრემიერის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მის საფლავს სპეციალური დაცვა ჰყავდა მიჩენილი. ეშინოდათ, რომ ოჯახს დამოუკიდებლად არ ჩაეტარებინა მისთვის ექსპერტიზა. ეს დაცვა მე თავად მყავს ნანახი საფლავზე”, – აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.
როგორც პოლკოვნიკი ამბობს, თემურ ალასანიასა და ზურაბ ჟვანიას ურთიერთობა გაფუჭდა მაშინ, როდესაც ალასანიამ თბილისის აეროპორტის მითვისება მოინდომა.
“ზურაბ ჟვანია წინააღმდეგი იყო, მათთვის აეროპორტი გადაეცა, რადგან იცოდა, რომ მისი გამოყენება ალასანიასა და მის ჯგუფს შავბნელი საქმეებისთვის უნდოდა. პრემიერ-მინისტრს მათი სქემა გაშიფრული ჰქონდა… როცა თემურ ალასანიაზე ვსაუბრობ, მასთან ერთად იგულისხმება მიხეილ სააკაშვილიც”, – ამბობს წითელაშვილი.