გია ვოლსკი: არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მევენახეების პრობლემას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებით დღეს პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება ყურძენში გადახდილ ფასს, დეპუტატის განცხადებით, მევენახის ერთ ჰექტარზე დანახარჯი 4 000 ლარია, ანაზღაურების მინიმალური ფასი კი დაახლოებით 7 200 ლარი.
„ არასდროს არ ყოფილა, რომ ჩვენი ღვინო ამდენ ქვეყანაში გასულიყოს. ამ მოკლე პერიოდში ჩვენმა აგრარული მიმართულების სპეციალისტებმა ძალიან სერიოზული მუშაობა ჩაატარეს. 190 მილიონ ლარამდე სადაზღვევო პოლისები გაიცა. სახელმწიფომ 15 მილიონ ლარამდე ხარჯი გაიღო, რომ გლეხი სეტყვისაგან დაეზღვია.
როდესაც ექსპერტები დასხდნენ და იმსჯელეს – ერთ ჰექტარზე დანახარჯი არის 4 000 ლარი, ანაზღაურების მინიმალური ფასი – დაახლოებით 7 200 ლარია. ერთ ჰექტარზე გაწეულ დანახარჯს მნიშვნელოვნად აჭარბებს შემოსავალი. პრობლემა იყო ჩაბარება, მაგრამ დღესდღეობით ყველა ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს. თუკი რაიმე დარჩა 70 და 75 თეთრში ჩაბარებული ყურძნიდან, სახელმწიფო მზადაა, ასეთი ყურძენი 60 თეთრად ჩაიბაროს. ამ შემთხვევაში საუბარია არაკონდიცირებულ ყურძენზე. 200 000 ტონიდან ამ მცირე პერიოდში უკვე 10 000 ტონაა ჩაბარებული. არცერთი კილოგრამი ჩაუბარებელი არ დარჩება“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.