ერიკ ფალტი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს სამდღიანი ვიზიტით UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ერიკ ფალტსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძეს შორის.
მხარეებმა საქართველო-იუნესკოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდგომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა ერიკ ფალტს UNESCO-ს 70 წლის იუბილეზე ბათუმში ვიზიტთან დაკავშირებით.
ერიკ ფალტმა განაცხადა, რომ თვალს ადევნებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ის განსაკუთრებულად მოიხიბლა. საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზეზად ერიკ ფალტმა საქართველოს მხრიდან იმ იდეის პატივისცემა დაასახელა, რომელზეც დაარსებულია იუნესო. ერიკ ფალტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ იუნესკოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანდატია განათლების სფერო, განსაკუთრებით კი დევნილი ბავშვების მიმართებაში, დასახულ მიზანს წარმოადგენს დევნილი ბავშვებისთვის განათლების მიღების საშუალების მიცემა.
ერიკ ფალტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ელისო ბოლქვაძეს და აღნიშნა, რომ ცნობილი პიანისტის მიერ გაწეული სამუშაო ნამდვილად დასაფასებელია. ელისო ბოლქვაძეს 2015 წლის იანვარში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგენის საფუძველზე, წოდება „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ მიენიჭა.
ერიკ ფალტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტია.
ასევე, გაიმართება შეხვედრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები