ოთარ დანელია: წელს ყურძნის მოსავალი 30%-ით გაიზარდა და, სავარაუდოდ, 200 ათას ტონამდე იქნება – ვიდეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო წელსაც გარანტირებულად ჩაიბარებს ყურძენს, რაც, სუბსიდირებასთან ერთად, ჯამში 60 მილიონი ლარი ჯდება.
„ჩვენთვის ძვირფასია ყველა ადამიანი. მესმის მათი ემოციურობის, გასულ წელს ლარს უხდიდა კომპანია, წელს თანხა შედარებით მცირეა, მაგრამ ეს კრიზისული პერიოდი, რომელიც მთელს მსოფლიოშია და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ერთად და ღირსეულად უნდა გავიაროთ. ჩვენ სტაბილურ პოლიტიკას ვაწარმოებთ, იმედი გვაქვს, მალე გაიხსნება ჩინეთის ბაზარი, გახსნილია რუსეთის ბაზარი, ევროპის ბაზარი, ასე, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ მეწარმეებს. მთავრობა ამ სამი წლის განმავლობაში ბიზნესს ეხმარება – უფასოდ აძლევს მიწას; ფართებს; 13%-იანი კრედიტის პირობებში 11-12%-ს უფინანსებს, მეწარმეს უწევს მხოლოდ 1-2%-ის გადახდა. ნუთუ, არ შეიძლება ამ ყველაფრის ადეკვატურად შეფასება”?! – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრისგან რთვლის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ოთარ დანელიას განცხადებით, წელს ყურძნის მოსავალი 30%-ით გაიზარდა და, სავარაუდოდ, 200 ათას ტონამდე იქნება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 ათას ტონაზე მეტი ჩაბარებულია და 2-3 დღეში რთველი უფრო აქტიურ ფაზაში შევა.
„300 მილიონ ლარამდე უკვე შეუვიდა კახელ გლეხს ბოლო ორი რთვლიდან, 14 მილიონ ლარზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში დავხარჯეთ, მიმდინარე მელიორაციის პროექტები არის დაახლოებით 70 მილიონის, რომლის დიდი წილი მოდის კახეთზე, 150 მილიონის შეღავათიანი აგროკრედიტი, იაფი ფულია გაცემული ამ დარგში. თბილისში, მერიის დახმარებით შერჩეულია 15 ადგილი, სადაც შეუძლიათ რეალიზაცია. ლარიდან 2,50 ლარამდე მერყეობს ყურძნის ფასი და არის 20-დან 25 ათას ტონამდე მოთხოვნა, როგორც რეგიონებიდან, ისე- თბილისიდან. რეგიონებშიც გამოყოფილია სარეალიზაციო ადგილები”, – განაცხადა მინისტრმა.
ოთარ დანელიას თქმით, ხელისუფლებამ დანერგა რეალური დივერსიფიკაცია, მზარდია ევროპის და აზიის ბაზრები, საქართველო შედის ახალ ბაზრებზე, რაც ღვინის ინდუსტრიისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ დივერსიფიკაციაზე და განაცხადა, რომ ექსპორტის თვალსაზრისით, ე.წ ემბარგოს პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული იყო 10 მილიონი დოლარის საქონელი, ხოლო იმპორტზე შემოსულია მილიარდ 187 მილიონის ღირებულების საქონელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები