პრემიერმა მღებრიშვილს მიმართა: ეს პროვოკატორები მოვაშოროთ ადგილებიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რთველთან დაკავშირებით კახეთში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” გლეხების გამოყენებით პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.
პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიმართა და მოუწოდა, სამართალდამცველებმა ყურძნის ჩაბარების ადგილებზე სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლონ, რომ გლეხებს პრობლემები არ შეექმნათ.
“მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პოლიტიკოსები – მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, დეპუტატი ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ ყურძენი მაღალ ფასად არ ჩაებარებინათ. გლეხებს თვეების განმავლობაში 10 თეთრს არ უხდიდნენ ყურძნის ფასს. რომელ სუბსიდირებაზე იყო საუბარი წინა წლებში?! ახლა ეს ადამიანი იმის გამო, რომ არა კახეთის, არამედ ოდესის გუბერნატორს ერთგულება დაუმტკიცოს, ჩადის და იქ აქტიურობს. მე მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ბატონ მღებრიშვილს, ეს პროვოკატორები მოვაშოროთ ადგილებიდან, გთხოვთ, მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა არ შეექმნას. ადგილზე თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რომ დღეს ისეთი დისკრედიტებული ორგანიზაცია, როგორიც არის “ნაციონალური მოძრაობა“, ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით ინტრიგანული მეთოდებით აპირებს რთველის – ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები