„ქართული ოცნება“ რეგიონულ წარმომადგენლობებში აღმასრულებელი მდივნის ინსტიტუტს ამკვიდრებს“

„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ რეგიონულ წარმომადგენლობებში აღმასრულებელი მდივნის ინსტიტუტს ამკვიდრებს“,- განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ვოლსკის განცხადებით, აღმასრულებელი მდივნები რაიონულ ორგანიზაციებში სექტემბრის ბოლოს დაინიშნებიან, მათი დანიშვნის შემდეგ კი ორგანიზაციები ადგილობრივი პარტიული კონფერენციისთვის მოემზადებიან.
„ყველა რაიონში პარტიული აქტივის ხელმძღვანელებმა აღმასრულებელ და არჩევით ორგანოებში გადაინაცვლეს და თავიანთი ძირითადი საქმიანობა იმ პოზიციის ამოცანების შესასრულებლადაა მიმართული, რაც მათ დღეს უკავიათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, აღმასრულებელი მდივნის პოზიცია შემოვიტანოთ. აღმასრულებელი მდივნები სექტემბრის ბოლომდე ყველა რაიონში, სადაც „ქართულ ოცნებას“ პარტიული ორგანიზაცია გააჩნია, შეირჩევიან და ოქტომბერში ადგილობრივი კონფერენციების ჩატარება დაიგეგმება. აღმასრულებელი მდივნების მთავარი ფუნქცია აღნიშნული კონფერენციების მომზადება, აქტივის შერჩევა – გადახალისება და გააქტიურება იქნება.
ჩვენ უკვე ოქტომბრის ბოლოდან წინასაარჩევნო პერიოდის ამოცანების შესრულებას უნდა შევუდგეთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები