„საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და დიდი ხანია, განვითარების ევოლუციის გზით მივდივართ“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და უკვე დიდი ხანია, განვითარების ევოლუციის გზით მიდის.
ეს განცხადება მინისტრმა პარლამენტში, ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობა ევოლუციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ქვეყანაში. “ძალიან სიმბოლურია და მიხარია ძალიან, რომ ეს შეხვედრა სწორედ ამ ისტორიულ შენობაში ტარდება. ეს ის შენობაა, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული, პოლიტიკური მოვლენა მომხდარა. ეს ის შენობაა, რომელმაც ნახა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს ის შენობაა, რომელმაც ნახა რევოლუციები, მაგრამ საქართველომ უარი თქვა რევოლუციებზე და ჩვენ უკვე დიდი ხანია მივდივართ განვითარების, ევოლუციის გზით. როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრმა, მინდა გითხრათ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა ევოლუციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში, მინდა ჩვენს დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტს მივულოცო ის, რომ სწორედ აქ, თბილისში ხდება საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს, რომ ჩვენ არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, არამედ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციას – “ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები” მასპინძლობს. კონფერენციაზე განიხილება სამუშაო ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ღიაობის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი.
საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის, საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, ხორვატიის, ბრაზილიის, ლატვიის, ლიტვის, იორდანიის, მალტის, მონტენეგროს, სერბეთისა და უკრაინის მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაციები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები