დავით უსუფაშვილი: 21 -ე საუკუნეში აუცილებელია ინოვაციური მიდგომები დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისადმი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ღია მმართველობაზე ისაუბრა.
როგორც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უსუფაშვილმა განაცხადა, 21-ე საუკუნეში, გლობალიზაციის, ინტერნეტის, სხვა ტექნოლოგიური რევოლუციების საუკუნეში წარმომადგენლობითი დემოკრატიის ტრადიციული ფორმები აღარ არის საკმარისი.
მისივე თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობა, ეს არის შედარებით ახალი ინიციატივა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით ასეთი დიდი მხარდაჭერა სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მოიპოვა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 21 -ე საუკუნეში, აუცილებელია ინოვაციური მიდგომები დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისადმი.
„რატომ? იმიტომ, რომ ყველა, ვინც ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ 21 -ე საუკუნეში, აუცილებელია ინოვაციური მიდგომები დემკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისადმი. სრულიად აშკარაა, რომ 21-ე საუკუნეში, გლობალიზაციის, ინტერნეტის, სხვა ტექნოლოგიური რევოლუციების საუკუნეში წარმომადგენლობითი დემოკრატიის ტრადიციული ფორმები აღარ არის საკმარისი. ჩვენ, 4-5 წელიწადში ერთხელ გავიდეთ მოსახლეობასთან და ჩავატაროთ არჩევნები, მივიღოთ მოსახლეობის მანდატი და მერე ვმართოთ ქვეყანა.
აუცილებელია, რომ ჩვენ მოვახდინოთ, რევოლუციური გარდაქმნები მოსახლეობასა და საკანონმდებლო ორგანოში მათ წარმომადგელებს შორის ურთიერთობაში. ეს ურთიერთობა უნდა იყოს ყოველდღიური, ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი და სათანამშრომლო. ამას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა. სწორედ ამიტომ, ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში, ძალიან მალე შეიქმნა სწორედ საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ჩილეს კონგრესის და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები. საქართველო, ჩვენი ქვეყანა, ამაყი მონაწილეა ამ პროცესის, ვინაიდან საქართველო არის ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრი“, – განაცხადა უსუფაშვილმა და „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიღებასაც გაუსვა ხაზი.
„2000 წელს, როდესაც ჩვენ, ამ შენობაში კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მივიღეთ. ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება, ვალდებული გახდა, გამხდარიყო სრულიად ღია და გამჭვირვალე მოქალაქეების მიმართ. მახსოვს ის დრო, როდესაც სახელმწიფო მოხელეები, ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ მათ დაკარგეს ექსკლუზივი სახელმწიფო ინფორმაციაზე. მას შემდეგ ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ და დღეს, უკვე, როდესაც ვუყურებ, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამუშაო გეგმას საკანონმდებლო ღიაობის ახალი სტანდარტების მისაღწევად, რომელზეც იქნება კონფერენციის მსვლელობის დროს სერიოზული საუბარი, მე სიამაყით ვივსები, იმიტომ, რომ ჩვენ აქ ვსაუბრობთ ძალიან ბევრი დეტალის დახვეწაზე და აღარ ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს ხელმისაწვდომი თუ არა ეს დარბაზი მოქალაქეებისთვის. უნდა იყოს თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ ყოველი კანონპროექტის განხილვის დროს, თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა, თავისი კომენტარის გაკეთების საშუალება. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ანგარიშვალდებული ყოველწუთიერად და ყოველდღიურად ხელისუფლების წარმომადგენელი მოქალაქეებთან. ჩვენ ვსაუბრობთ ამ პროცესის და ამ ინსტიტუტების დახვეწაზე. ამ კონფერენციიდან ჩვენ სწორედ ამას ველით, რომ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ექსპერტები, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, თუ როგორ ხერხდება მეტი ეფექტურობის, მეტი შედეგიანობის მიღწევა ამ პროცესში.
ჩვენ გვირჩევენ ჩვენი ამომრჩევლები, მაგრამ შემდგომ, ჩვენ გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონებისთვის, მსოფლიოსთვის. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიო პარლამენტების მიერ მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ერთმანეთთან სწორედ საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო ცხოვრების წესების დახვეწის მიზნით. ჩვენ, პარლამენტარები, მთავრობის წარმომადგენლები არ ვიკრიბებით ცალკე და არ ვმსჯელობთ იმაზე, როგორ მოვახერხოთ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში. ჩვენ ამ მიდგომაზე უარი ვთქვით და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ყველა ამ საკითხზე ვმსჯელობთ.
საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ძალიან წარმატებული პრაქტიკა და ის სამოქმედო გეგმა, რომელზეც მოგახსენეთ დიდწილად შემუშავებულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების იდეებზე, მათი შეხედულებების და მათი რეკომენდაციების საფუძველზე“, – დასძინა სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები