ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ, მართლაც, გამორჩეული ხალხი, გამორჩეული ერი

მინდა მოგიწოდოთ ყველას, მასწავლებლებს, მშობლებს, ვინაიდან სწორედ თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ სათანადოდ მომზადებული, განათლებული თაობა აღვუზარდოთ ჩვენს სამშობლოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ წილკანში, საჯარო სკოლაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა მოსწავლეებს დღევანდელ დღე მიულოცა და კარგად სწავლა უსურვა.
“გუშინ დავბრუნდი ჩინეთიდან. ჩინეთში ცხოვრობს მილიარდ ექვსასი მილიონი ადამიანი. ჩვენთან ცხოვრობს მხოლოდ სამი მილიონ შვიდასი ათასი. ჩინელებმა შეძლეს და თავიანთ ქვეყანაში, მართლაც, საოცრებები გააკეთეს. ეს, პირველ რიგში, შრომისმოყვარეობით შეძლეს. შეძლეს იმით, რომ ყველა ადამიანმა იცის, რა უნდა აკეთოს, ისინი განათლებას, ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, მეცნიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ ყველას, მასწავლებლებს, მშობლებს, ვინაიდან სწორედ თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ სათანადოდ, მომზადებული, განათლებული თაობა აღვუზარდოთ ჩვენს სამშობლოს. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ თქვენს საქმიანობაში. ისეთი გამორჩეული პედაგოგი, როგორიც გახლავთ ამ სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლეილა, გვაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას და მე მჯერა, რომ ჩვენ გვეყოლება, მართლაც, ძლიერი, განათლებული თაობა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ნებისმიერი სახელმწიფოს განათლებულ თაობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები