„თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ განათლებაზე“

 ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ წილკანის თანამედროვე სტანდარტების მქონე ახლად აშენებული სკოლიდან მიულოცა.
დღეს 300–მდე მოსწავლე სოფელ წილკანში სწავლას გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზით, ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტებით აღჭურვილ სკოლაში შეუდგა.
პრემიერ–მინისტრმა სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ლამაზ, თანამედროვე შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა.
“ეს არის ახალი სკოლა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ააშენა, მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დავასრულეთ. აქ გახლავთ ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენ აღვზარდოთ ჩვენი ბავშვები და მათ მივცეთ სათანადო განათლება. ამისთვის ჩვენი მთავრობა აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ თქვენ გქონდეთ ყველა პირობა იმისათვის, რომ აქ ბავშვებს ჰქონდეთ კომფორტული გარემო, იყვნენ გალაღებულები.
მე ვიცი, სოფელ წილკანში ამ სკოლის აშენებამდე აქ იყო საკმაოდ ძველი შენობა, სადაც ბავშვებს სამ ცვლაში სწავლა უწევდათ. ეს დრო საქართველოში აღარ დაბრუნდება. ჩვენი მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს ასეთ განათებულ, ასეთ თანამედროვე სკოლებში. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს განათლებაზე, ვინაიდან, განათლებული თაობის გარეშე ყოველგარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. ჩვენ ვერც ეკონომიკას ვერ განვავითარებთ, ვერც სოფლის მეურნეობას, ვერც მეცნიერებას, ვერც ახალ ტექნოლოგიებს ვერ დავნერგავთ, თუ არ გვეყოლება შესაბამისი განათლებული თაობა. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის, მართლაც, პრიორიტეტულია სათანადო განათლების მიცემა ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ამისთვის მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, მთავრობა, განათლების მინისტრი ყველაფერს ვაკეთებთ”,–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში აშენდა 9 და გარემონტდა 1000 სკოლა, მოსწავლეებს ურიგდებათ სახელმძღვანელოები, კომპიუტერები, 60 000 ბავშვისთვის ტრასპორტი უფასოა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მასწავლებელებსა და მშობლებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მომავალი თაობის აღზრდას. მისი თქმით, განათლებული ახალი თაობა ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარია.
“გუშინ დავბრუნდი ჩინეთიდან. ჩინეთში ცხოვრობს მილიარდ ექვსასი მილიონი ადამიანი. ჩვენთან ცხოვრობს მხოლოდ სამი მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი. ჩინელებმა შეძლეს, რომ თავიანთ ქვეყანაში, მართლაც, საოცრებები გააკეთეს. ეს, პირველ რიგში, შრომისმოყვარეობით შეძლეს. შეძლეს იმით, რომ ყველა ადამიანმა იცის, რა უნდა აკეთოს, ისინი განათლებას, ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, მეცნიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ ყველას, მასწავლებლებს, მშობლებს, ვინაიდან სწორედ თქვენზეა პასუხისმგებლობა რომ სათანადოდ, მომზადებული, განათლებული თაობა აღვუზარდოთ ჩვენს სამშობლოს. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ თქვენ საქმიანობაში”, – აღნიშნა პრემიერმა.
წილკანის ახალი სკოლა გათვლილია 450 მოსწავლეზე. სკოლას აქვს გარე სპორტული მოედანი, შიდა სპორტული დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, ბუფეტი, ლიფტი, 20 საკლასო ოთახი. სკოლის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკოლაში ამჟამად სწავლობს 285 მოსწავლე და მუშაობს 26 მასწავლებელი. ბოლო სამი წლის მანძილზე აშენდა 9 სკოლა და რეაბილიტირდა 1000-ზე მეტი სკოლა. ამ ეტაპზე, შენდება 8 სკოლა და ხორციელდება 114 სკოლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს 20 სკოლის პროექტირება, რომელთაგან 6 სკოლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები