თამარ ხიდაშელმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო

საგარეჯოს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა სოფლების: ბადიაურისა და ყანდაურას მოსახლეობასთან გაიმართა.
აღნიშნულ სოფლებში სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი ჩავიდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრებზე მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ასევე, ხიდაშელმა მოსახლეობისგან კონკრეტულ სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
“ბევრს ვერ დაგპირდებით, რადგან სულ ერთი წელია დარჩენილი სადეპუტატო უფლბამოსილების ამოწურვამდე. ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება რაღაც ისეთი დაგპირდეთ, რასაც ვერ შევასრულებ. მაგრამ ის რაც შეიძლება, რომ მომავალი წლის განმავლობაში გაკეთდეს, აუცილებლად ვეცდებით, რომ ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ”, – განუცხადა მოსახლეობას ხიდაშელმა.
თამარ ხიდაშელის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება რჩება, რომლის მოგვარებისთვისაც კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება. ბადიაურის მოსახლეობამ შეხვედრაზე ადგილობრივი სკოლის მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
თამარ ხიდაშელი მათ დაპირდა, რომ იგი აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციის საკითხს თვალს მიადევნებს და ასევე, იმედოვნებს, რომ განათლების სამინისტრო გამონახავს რესურსებს და მომავალი წლისთვის შეკეთდება სკოლა.
ასევე, ორივე სოფლის მოსახლეობისთვის ყურძნის ფასისა და ყურძნის ჩაბარების საკითხი რჩება მთავარ პრობლემად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები