საქართველოს მთავრობის ანგარიშში პაატა ზაქარეიშვილის უწყების საქმიანობაზეა საუბარი
საქართველოს მთავრობის 90-გვერდიან ანგარიშში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ კონფლიქტების მოგვარების მიზნით გაწეულ საქმიანობაზეა საუბარი.
აღნიშნული ანგარიში გუშინ შევიდა საქართველოს პარლამენტში.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პაატა ზაქარეიშვილის უწყება ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათ შეინარჩუნონ და გააძლიერონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობა.
ასევე, აპარატი რეგულარულად ამზადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა თუ სხვა უკანონო ქმედებების ფაქტების ამსახველ დოკუმენტებს.
“საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგულარულად ამზადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების, ეკონომიკური ექსპანსიის, უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და სხვა უკანონო ქმედებების ფაქტების ამსახველ დოკუმენტებს; მუდმივად მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის (IPRM) შეხვედრებში. მექანიზმის ეფექტურად გამოყენებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის მიმართულებით შეწყვეტილი შეხვედრების აღდგენისთვის”, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობა მზადაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ის სხვადასხვა სარგებელი გაუზიაროს, რაც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან მომდინარეობს.
“საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა, გაუზიაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ის სხვადასხვა სარგებელი, რომელიც მომდინარეობს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან; განსაკუთრებით ის ახალი შესაძლებლობები, რაც უკავშირდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და სავიზო რეჟიმის გამარტივებას.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აქტიურად იყენებს საკუთარ რესურსებს, ისევე როგორც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილ “საკოორდინაციო მექანიზმს”. შედეგად მაქსიმალური დახმარება ეწევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღებაში, როგორც ადგილზე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე გამყოფი ხაზების აქეთ.
გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სარგებლობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, რომელთა შორის “რეფერალური მომსახურების” სახელმწიფო პროგრამა უმთავრესია.
გამყოფი ხაზების მიმდებარე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების გავლების შედეგად, დაზარალებული მოსახლეობის დახმარება – საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, ამ მიზნით:
შემუშავდა “კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის” პროექტი.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში განხორციელდა და გრძელდება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა: გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია, გაზიფიკაცია.
ზემოაღნიშნულ სოფლებში განხორციელდა ცალკეული სასოფლო–სამეურნეო პროექტები: მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველსაყოფად მოეწყო ამბულატორიები, სტუდენტებს დაუფინანსდათ სასწავლო წლის საფასური, ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (გორის, კასპის, ონის, საჩხერეს, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები) მცხოვრები პირების გათბობით უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ 11677 ოჯახისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 2 335 400 ლარი და თითოულ ოჯახს გადაეცა 200 ლარი.
2015 წლის 1 აპრილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა უმაღლეს დონეზე, რომელზეც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულებების შესაძლო შედეგებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში არსებული გამოწვევების გარდა განხილულ იქნა ჩართულობის პოლიტიკის ასპექტები, ევროკავშირის როლი კონფლიქტის მოგვარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.
2015 წლის მარტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა სხვადასხვა უწყების პოზიცია და წინადადებები ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კონკრეტულ სფეროებში, აფხაზური და ოსური საზოგადოებისათვის შესაძლო სარგებლისა და შესაძლებლობების შეთავაზების თაობაზე, რომელიც ევროკავშირის მხარეს მიეწოდა.
ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ კონფლიქტების მოგვარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები ევროპის საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშებში”, – ნათქვამია დოკუმენტში.