თინა ხიდაშელი ესტონეთის პრემიერს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, ტაავი რიივასს შეხვდა.
როგორც ხიდაშელმა განაცხადა, შეხვედრა იყო გულწრფელი და საქმიანი. ტაავი რივასი კი, რეგიონში არსებული საფრთხეებითა და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებით დაინტერესდა.
„პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა და მივაწოდე ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებისა და რეგიონში არსებული საფრთხეების შესახებ. ესტონეთი შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებით – „მცოცავი ოკუპაციით“, საქართველოში… ჩემი მთავარი გზავნილია, რომ საჭიროა ადეკვატური და თამამი ნაბიჯები, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინის შემდეგ მოსკოვი თავისი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად სამხედრო ძალას ევროპის სხვა ქვეყანაში და უფრო სიღრმეში გამოიყენებს. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო საქართველოს მოთხოვნებსა და მოლოდინებს ვარშავის 2016 წლის სამიტიდან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და ის ბუნებრივად წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოების გარემოს შემადგენელ კომპონენტს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრი.
ხიდაშელის განამრტებით,ესტონეთის რესპუბლიკა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მტკიცე მხარდამჭერია. ნატოს ფარგლებში, ასევე სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატებში, ესტონეთის დიპლომატიის ერთ-ერთი მიზანია ალიანსის გაფართოების მხარდაჭერა და მათ შორის საქართველოს გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერისა და ლობირების კუთხით, ესტონეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. 2014 წლის 16 ივნისს ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან. მივიღეთ სრული მხარდაჭერა, დაპირება მისი მხრიდან, რომ ყველა ფორუმსა და ყველა შეხვედრაზე ის იქნება საქართველოს ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ადვოკატი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებთან ერთად მოვახერხებთ ამ გზის წარმატებით გავლას“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები