პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე მთავრობის ანგარიში შევიდა
პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიში შევიდა.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში განუცხადეს, დოკუმენტი ბიუროს ორშაბათს წარედგინება და განსახილველად კომიტეტებს გადაეცემა.
რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
მთავრობაში განმარტავენ, რომ პრემიერ-მინისტრს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პირადად წარდგენის ვალდებულება არ გააჩნია და შეუძლია, ანგარიში პარლამენტს წერილობითი ფორმით ჩააბაროს.
“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს არ აქვს ვალდებულება, საშემოდგომო სესიაზე პირადად წარდგეს და პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს. ეს არის ნორმა, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წერილობითი ფორმით სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის ანგარიში გადაუგზავნოს. ანგარიში მზად არის, პარლამენტში ხვალ იქნება რეგისტრირებული და მისი საჯარო განხილვის შესაძლებლობაც იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.