ლინას ლინკევიჩიუსი: დროა, შევეწინააღმდეგოთ რუსეთის “ინფოპრომს”
“ჩვენ გვქონდა იმის გამბედაობა, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია “გაზპრომის” მონოპოლიისათვის ევროპაში, ახლა დროა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის “ინფოპრომს”, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი Euobserver-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს.
როგორც ლინკევიჩიუსი აღნიშნავს, რუსეთის “ინფოპრომი” შეიარაღებულ ინფორმაციას და, ამავდროულად, კრემლის შეიარაღებულ ენერგომომარაგებას წარმოადგენს.
“რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელსაც არ დავასახელებ, რუსი ფორმიანები სხვებთან ერთად ზეიმობდნენ. ეს იგივე ფორმა არ იყო, რომლითაც ახლა უკრაინაში აგრესიას აწარმოებენ. შემეკითხებით, კარგად გამოიყურებოდნენ თუ არა? იყო თუ არა ეს ევროპული მედიასაშუალებების მხრიდან შეფასებული, როგორც ცოტა უცნაური შემთხვევა? არა, ამაზე არავის არაფერი სმენია. არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც პროპაგანდა განიხილება, როგორც ეგზოტიკური მწერი, რომელიც შორეულ ქვეყნებში უკრაინაში, საქართველოში, რუსეთში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. თუმცა, სათუთად შეფუთული ტყუილები ევროპული აუდიტორიისკენ გზებს მაინც პოულობს. ეს არის სისტემატური და კარგად ფინანსირებადი კამპანია და იმის მტკიცება, რომ დასავლეთი არის ხელშეუხებელი, რადგან ჩვენ გვაქვს უამრავი მედიასაშუალება, სინამდვილეს არ შეეფერება. სინამდვილეში ევროკავშირში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ბალტიისპირეთსა, თუ ლონდონში, პირველ რიგში, კრემლის აზრს იგებს. ეს ენის ბარიერის ან მედიის ძველი ჩვევების ბრალია. ამდენად, მედიაპლურალიზმი აქ ნიშნავს ბევრ ტელეარხს, რომლებიც იმართება მხოლოდ ერთი (რუსული) აუდიენციის მხრიდან”, – წერს ლინკევიჩიუსი.
მისივე თქმით, კრემლის მაუწყებლებმა იციან, როგორ შევიდნენ ევროპულ ქვეყნებში და გააღვივონ შუღლი იმ იმედით, რომ სიტყვის თავისუფლების გამო, არავინ დაინტერესდება მათი საქმიანობით.
“კრემლის მაუწყებლებმა იციან, როგორ შემოვიდნენ ჩვენს ქალაქებში. ისინი სარგებლობენ Made in Europe ეტიკეტით, შემდეგ მშვიდად იწყებენ შუღლის გაღვივებას, რადგან იმედოვნებენ, რომ სიტყვის თავისუფლების გამო, არავინ დაინტერესდება მათი საქმიანობით. ზოგიერთი უკვე ხმას იმაღლებს. დიდი ბრიტანეთის მედია რეგულატორმა თქვა: “სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის”. რამდენიმე თვის წინ, ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება იყოს პროპორციული ქმედება იმისა, რომ დაცულ იქნას საზოგადოებრივი ინფორმირებულობის მთლიანობა. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ცილისწამებას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ევროპული მედიასაშუალებებისათვის თანაბარი თამაშის პირობები. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, ითამაშოს რაგბი ფეხბურთის მოედანზე”, – წერს მინისტრი.
ლინკევიჩიუსის თქმით, იანვარში, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლიტვიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან და დანიიდან, ევროკავშირს მოუწოდეს, პასუხი გაეცა კრემლის პროპაგანდისათვის: უზრუნველეყო ინფორმაციის ალტერნატივა; გაეზარდა საზოგადოებრივი ცნობიერება; ყოფილიყო აგრესიული პროაქტიული კომუნიკაციის ფაქტების მიმართ; მოეთხოვა ანგარიშვალდებულება მედიასაშუალებების მხრიდან.
“ეს არ გულისხმობს ცენზურას, ან ჩვენ მიერ წარმოებულ პროპაგანდას და სიცრუეს. ნიდერლანდებმა და პოლონეთმა, ბრიუსელში არსებული დემოკრატიის ევროპულ ფონდთან ერთად, გამოთქვეს კონკრეტული იდეები რუსულენოვანი მაყურებლისათვის ალტერნატიული ტელევიზიის, როგორც ახალი ამბების, ასევე გასართობი პროგრამების შექმნის შესახებ. პროექტის დონორების დღევანდელი შეხვედრა ვარშავაში ამ ძალისხმევის ნაწილია. იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებულები, აუცილებელია, შევცვალოთ ჩვენი აზროვნება. უნდა გვესმოდეს, რომ პროპაგანდა მიმართულია მთელი ევროპის წინააღმდეგ და არა მხოლოდ აღმოსავლეთისაკენ. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. A-90 ტიპის ტანკი უკრაინაში არ არის მხოლოდ “სატრანსპორტო საშუალება”. სიცრუე არ არის გარკვეული თვალსაზრისის ალტერნატივა. პროპაგანდა არ არის საჯარო დიპლომატიის სამართლიანი ფორმა. ჩვენი გულუბრყვილობა ხელს გვიშლის შესაბამისი ქმედებების განხორციელებაში, მაშინაც კი, როდესაც მეორე მხარე წინ მიიწევს გამოუცხადებელი საინფორმაციო ომით”, – წერს ლინკევიჩიუსი.