„კონკრეტული თოქ-შოუების დახურვაში ხელისუფლების მონაწილეობას გამოვრიცხავ“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე სატელევიზიო თოქ-შოუების დახურვაში ხელისუფლების მონაწილეობას გამორიცხავს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მედიის თავისუფლება მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.
დეპუტატის განცხადებით, საწინააღმდეგო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, პარლამენტი მზად არის კონკრეტული საქმეები შეისწავლოს და შეფასება მისცეს.
„მედიის თავისუფლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. ხელისუფლების მხრიდან დაინტერესებას რომელიმე ტელეგადაცემის დახურვასთან დაკავშირებით აბსულუტურად გამოვრიცხავ. შევახსენებ ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დახურა საკუთარი ტელეკომპანია, რათა საზოგადოებას არ ჰქონოდა იმის აღქმა, რომ ის გარკვეულწილად მედიის თავისუფლების საკითხებში ერევა. გაიშვირეს ხელი ხელისუფლების მისამართით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი კამპანიაა, რომელიც მასში ჩართულ მხარეებს დადებითს არაფერს მოუტანს.
კონკრეტული თოქ-შოუების დახურვაში ხელისუფლების მონაწილეობას გამოვრიცხავ, თუკი ასეთი ფაქტები არსებობს, მოგვმართონ პარლამენტის შესაბამის კომიტეტში და ჩვენ მზად ვართ, აღნიშნული ფაქტები გამოვიკვლიოთ და შეფასება მივცეთ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით მე ასეთ საფრთხეს და საშიშროებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა. „საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედი“ დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების სეგმენტს. ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან. ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების შექმნაში“,- აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.