ირაკლი ღარიბაშვილი: ჩინეთს და საქართველოს საერთო ინტერესი გვაქვს, რომელიც ეკონომიკაზე გადის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის მინისტრს, ვანგ ძიარუის შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებით, რომელიც უფრო დინამიკური გახდა ბოლო ორი წლის მანძილზე.
“მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთს და საქართველოს საერთო ინტერესი გვაქვს, რომელიც ეკონომიკაზე გადის”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების, მშვიდობის ადგილი ევროპისა და აზიისათვის.
მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი ოფიციალურ საუზმეზეც გაგრძელდა, რომელიც ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრმა, ვანგ ძიარუიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გამართა.