დავით უსუფაშვილმა ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს ბიზნესპოტენციალი გააცნო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საქართველოში მყოფ ირანელ ბიზნესმენთა ჯგუფს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ბიზნესმენებმა აღნიშნეს, მათი ინტერესის სფეროს ენერგეტიკის, სამშენებლო მასალების და კავშირგაბმულობის, ასევე, სხვა მიმართულებებით ბიზნესის წარმოება წარმოადგენს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირანელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებულ საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის შესახებ ესაუბრა და ის შესაძლებლობები გააცნო, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ გააჩნია.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ირანთან, როგორც წამყვან რეგიონალურ სახელმწიფოსთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ივლისში ირანის ბირთვულ პროგრამაზე შემუშავებული „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის“ დროული შესრულება ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ხელს შეუწყობს.