თეა წულუკიანი: ჩვენი მიზანი ძლიერი და ეფექტური ინსტიტუტების მშენებლობაა

 

იუსტიციის მინისტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. თეა წულუკიანი ღონისძიების გახსნის ცერემონიას დაესწრო და მის დელეგატებს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი მეთაურის სახელით მიმართა. კონფერენცია – „საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ; გამოწვევები დიალოგისათვის’’ – ქალაქ ბათუმში გაიხსნა.

თეა წულუკიანი დელეგატებს საქართველოში ევროპული ტიპის, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის პროცესზე ესაუბრა. იუსტიციის მინისტრის თქმით, „საქართველოს მიზანი ძლიერი და ეფექტური ინსტიტუტების მშენებლობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს კი, როგორც კონსტიტუციური პრინციპების გარანტორს, არსებითი როლი აქვს ინსტიტუტების ეფექტიანად ფუნქციონირებაში“.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის ევროპული სტანდარტის დამკვიდრებისათვის განხორციელებული რეფორმები გააცნო. იუსტიციის მინისტრის თქმით, გასულ წელს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებისათვის თითოეული ადამიანის უფლებების დაცულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების რეფორმის შედეგებზე, რომელმაც ეტაპობრივად გაათავისუფლა სასამართლო სისტემა და უზრუნველყო მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობა და დამოუკიდებლობა; ისაუბრა პროკურატურის სისტემის რეფორმაზე, რომელიც საპროკურორო საბჭოს მხრიდან მთავარი პროკურორის არჩევას ითვალისწინებს; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ბავშვთა კონვენციით დაცულ უფლებებს ემყარება; წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმაზე; რომელიც ევროსაბჭოს მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე დაყრდნობით შემუშავდა, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა საჯარო და კერძო სექტორში; თითოეული მოქალაქის უფლებების თანაბრად დაცვა.

საუბრის ბოლოს თეა წულუკიანმა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზეც ისაუბრა: „ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, საქართველო- ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაა, რომელიც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის სამართალთან. იუსტიციის სამინისტრო უკვე მუშაობს ამ საკითხებზე. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა, ერთი მხრივ, მოხდეს ევროპულ სამართალთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, მეორე მხრივ კი – საკონსტიტუციო პრინციპების განმტკიცება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე, ვენეციის კომისიის, აშშ-ის, ევროპისა და აზიის 40-ზე მეტი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები. საერთაშორისო კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ასევე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები