პრეზიდენტი: კონსტიტუცია უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზოგადოებრივი დისკურსის შემადგენელი ნაწილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც მან დღეს ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის მინისტრთან ერთად გახსნა.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოება სწორედ მაშინ გახდება სამართლის უზენაესი საზოგადოება, როცა ყოველდღიური ცხოვრება კონსტიტუციის შინაარსში ჩაწვდომის შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ იურისტებს, არამედ საზოგადოების ფართო სპექტრს.
“ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემის და ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართული საკონსტიტუტიო ინსტიტუტების გაძლიერება, მათი როლის განმტკიცება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაღრმავება.
საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტია. ინსტიტუტი, რომელიც არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი ქვეყნის მასშტაბით კონსტიტუციური სამართლის ყოველდღიურობაში გატარებისა. ამ თვალსაზრისით ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ დამოუკიდებლობის დღიდან მნიშვნელოვანი გზა განვლო და მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს კონსტიტუცია არის და კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებითვე ის იმედოვნებს, რომ დისკუსია, რომელიც ღონისძიების ფარგლებში წარიმართება, არ დარჩება მხოლოდ განსწავლული იურიდიული საზოგადოების კუთვნილებად.