„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ,– აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის პრემიერ–მინისტრ ლი კეციანის შეხვედრაზე მიიღეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ამ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს ქვეყნებს შორის გახშირებული ვიზიტების დინამიკაც. შეხვედრაზე აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივაზე.
ასევე საუბარი შეეხო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა.
აღინიშნა, რომ 15-16 ოქტომბერს თბილისს ჩინეთიდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. პრემიერ–მინისტრებმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს. გამოითქვა იმედი, რომ ბანკის დაფინანსებით არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორია. 2014 წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 პროცენტით მოიმატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები