რა პროექტები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე

დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროექტის მონაწილეები გავხდეთ, რადგან მიგვაჩნია, „ახალი „აბრეშუმის გზა“ შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის, მოიტანს ახალ ინვესტიციებს, ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობის გააქტიურებას,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.
}„მქონდა ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. ჩვენ განვიხილეთ სტრატეგიული პროექტები, რომლებიც საინტერესო იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას „ახალი „აბრეშუმის გზის“ შესახებ, ეს არის კონცეფცია –„ერთი სარტყელი–ერთი გზა“. ეს არის ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი. ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და სწორედ დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროექტის მონაწილეები გავხდეთ. ჩვენი მიზანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. არ გვსურს საქართველო იყოს დაპირისპირების ადგილი და გვინდა, რომ ის იყოს შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი. ეს არის ის მისია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ასრულებდა. ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალური წინსვლა ამ მისიის შესრულებაში და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მივაღწიოთ შედეგს,“–აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ჩინეთის პრემიერ–მინისტრთან ერთად განიხილა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პროექტები. მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის პორტის შესახებ.
„მეორე პროექტი, რაც ჩვენ განვიხილეთ, არის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ჩვენი ქვეყანა ამ ბანკის თანადამფუძნებელია. პირველ ეტაპზე 100 მილიარდია ბანკის კაპიტალი, მაგრამ საბოლოოდ 500-მილიარდიან ინვესტიციებზეა საუბარი. მე მექნება ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა პეკინში და, ვფიქრობ, რამდენიმე მსხვილი პროექტის დაფინანსებას შევძლებთ. ამის მზაობა და სურვილი ჩინური მხრიდან უკვე არსებობს. ჩემმა კოლეგამ საუბრისას განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან, მიიღონ მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული განაცხადია. ჩვენი მთავარი მიზანი იყო მიგვეღწია ჩინური კომპანიების ჩართულობისთვის ამ პროექტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები