დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – შეთანხმებას ხელი ქალაქ დალიანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ხელმოწერის ცერემონიამდე, დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას.
დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთობლივი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრის დასწრება, არის დასტური ორ ქვეყანას შორის ახალი, დინამიკური თანამშრომლობის დასაწყისის.
დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.