დავით ბაქრაძე კრინიცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც კრინიცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
9 სექტემბერს, დავით ბაქრაძე ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა – რა იქნება შემდეგ?” (Eastern Partnership – What next?) სიტყვით გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ევროპაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატის მნიშვნელობას. „აუცილებელია, რომ დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის” პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა” მიმზიდველი დარჩეს მასში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლიერებული პროპაგანდის პირობებში, სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა და მისი ეფექტიანი განხორციელებისათვის ევროკავშირის წევრი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა.

კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელს ესწრებოდნენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკოსები, საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, დამოუკიდებელ ექსპერტები, პარლამენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები