ჟოლტ ნემეტისი: საქართველო უნგრეთისთვის და უნგრელი ხალხისთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟოლტ ნემეტის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ უფრო გამყარდეს ორ ქვეყანას შორს არსებული მჭიდრო ურთიერთობები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში ყურადღებით აკვირდებიან ევროპაში შექმნილ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია კონფლიქტური ზონებიდან დიდი რაოდენობით მიგრანტების ევროპის კონტინენტზე ჩასვლით.
„საკმაოდ მძიმე სიტუაციაა შექმნილი და ეს ჩვენ ყველას გვაღელვებს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. შეხვედრაზე საუბარი შედგა აგრეთვე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ევროპა შეუძლებელია იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი, თუ ამ რეგიონში არ იქნება სტაბილურობა“.
ამავდროულად, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო, ასევე დიდი ყურადღებას აქცევს თავის აღმოსავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს, როგორიც არის ჩინეთი, სადაც ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით იმყოფება. დავით უსუფაშვილი სტუმრებს ესაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორებზეც, მათ შორის, საარჩევნო რეფორმაზე და აგრეთვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარი მხარდაჭერისთვის. უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟოლტ ნემეტისმა განაცხადა, რომ საქართველო უნგრეთისთვის და უნგრელი ხალხისთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და არსებული ურთიერთობები, რომელიც თაობებმა შექმნეს, ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია ორივე ქვეყნისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე და წარმატებით დაასრულებს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს. ჟოლტ ნემეტისმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვნია საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატოს მისიებში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტებმა, კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟოლტ ნემეტისთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე.