საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამუშაო ვიზიტი ევროპაში პოლონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა და ტომას სიემონიაკმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ოფიციალური თბილისის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებული ვითარებაც შეაფასეს და საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ნატოსთან თავსებადობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კოლეგასთან 2016 წლის ნატოს „ვარშავის სამიტზე“ და საქართველოსთვის სამიტის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ევროპაში ზუსტად ესმოდეთ რეგიონში არსებული რეალური ვითარება და იმ გამოწვევების სიმძიმე, რომელშიც დღეს საქართველოა. თინათინ ხიდაშელის თქმით, საქართველო ბუნებრივად წარმოადგენს ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს და დაუშვებელია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების განცალკევებულად განხილვა. ამ გზაზე, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს ნატო ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია.