„ქადაგიძის საქმიანობის შესწავლისას, თუ მისი დანაშაული დაფიქსირდება, მაშინ, ბუნებრივია, საქმეზე გამოძიება დაიწყება“

„როდესაც გიორგი ქადაგიძე თანამდებობას დატოვებს, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი საქმიანობის შესწავლა და თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანაშაული დადასტურდება, მაშინ გამოძიებაც უნდა დაიწყოს და საქმეც აღიძრას“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გააკეთა.
გოგი თოფაძის განმარტებით, ლარის კრიზისი ეროვნული ბანკის არასწორი მოქმედებებით იყო განპირობებული. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ლართან დაკავშირებულ კრიზისში ეროვნული ბანკის მოქმედებები საზედამხედველო სამსახურმა უნდა გამოიკვლიოს.
“ჩვენთან, ეკონომისტების და ბიზნესმენების შეფასებით, ლარის გაუფასურება განაპირობა ეროვნული ბანკის არასწორმა მოქმედებებმა. როდესაც დოლარის კურსი ლართან მიმართებაში ორამდე ავიდა, ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა, სამწუხაროდ, სავალუტო რეზერვების ინტერვენცია არ გააკეთა. როდესაც 2.35-ზე ავიდა კურსი, ეროვნულმა ბანკმა 280 მილიონი ლარი გამოუშვა ბაზარზე და მეორედ – 300 მილიონ ლარამდე. ამან დიდი რღვევა გამოიწვია. იყო მსჯელობა, პარლამენტში დაიბარეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელიც. ჩვენ ვთქვით, რომ დაშვებული იყო შეცდომები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არასწორი ნაბიჯები გადადგა, როდესაც ინტერვენცია გააკეთა არა ლარის გასამყარებლად, არამედ – პირიქით”, – განაცხადა თოფაძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ამ დრომდე ფაქტობრივად უკონტროლო იყო. ამიტომ იმ კომისიამ, რომელიც იქმნება, უნდა ნახოს, რეალურად რა ხდება, რომ მომავალში ასეთი შეცდომები აღარ განმეორდეს.
“ამაზე იყო განხილვა ექსპერტების და სპეციალისტების და რა საპანიკო გახდა, რომ იქმნება გარკვეული კონტროლი. ჩვენი წვალებით რაღაცნაირად შევინარჩუნეთ კურსი, როდესაც დავიწყეთ ეროვნული ბანკის სერიოზული შემოწმება და კრიტიკა. პრაქტიკულად უკონტროლო იყო და შემოწმდეს, რაში უშლის ხელს ეროვნულ ბანკს?! თუ დაშვებული იქნა რაღაც შეცდომები, საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. იმ კომისიამ, რომელიც იქმნება, უნდა ნახოს, რა ხდება, რომ აღარ განმეორდეს იგივე შეცდომები. ნუ დავხატავთ ქადაგიძეს ანგელოზად, ფაქტები გვაქვს. თუ დააშავა ხალხმა, უნდა მოსთხოვოს პასუხი. თუ ეს დანაშაული დადასტურდა, გამოძიებაც უნდა დაიწყოს”, – განაცხადა თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები