საქართველოში ამერიკული კომპანიის სადისტრიბუციო ცენტრის გახსნა იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთში შეხვედრებს მართავს. დიმიტრი ქუმსიშვილი დალიანში უმსხვილესი ამერიკული კომპანია Johnson Controls-ის თავმჯდომარის მოადგილეს, აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში დანაყოფის პრეზიდენტს, ბედა ბოლდენიუსს შეხვდა.
ამერიკული Johnson Controls მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც შენობა ნაგებობების ენერგოეფექტურობის, ენერგოდამზოგავი ტექნიკის, აკუმულატორებისა და ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილებისასთვის განკუთვნილი აკუმულატორების წარმოების მიმართულებით ოპერირებს. კომპანიას მსოფლიოში 170 ათასი ადამიანი ყავს დასაქმებული. 2014 წელს Johnson Controls-ის შემოსავალმა 41 მილიარდი დოლარი შეადგინა.
შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა საქართველოში კომპანიის საწარმოსა და სადისტრიბუციო ცენტრის გახსნა იყო.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბედა ბოლდენიუსს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო.
შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის მნიშვნელობას. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა საქართველოში სტაბილური საინვესტიციო გარემო, ბიზნესისათვის ხელსაყრელი კანონმდებლობა, მაღალკვალიფიცირებული ახალგაზრდა კადრები და თანაინვესტირების შესაძლებლობები.
დალიანში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები